აშშ-ს კონგრესმენების კანონმდებელთა ჯგუფმა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარეს, ჯეი კლეიტონს წერილი გაუგზავნა. წერილში საუბარი იყო მარეგულირებლის მხრიდან კრიპტოვალუტების შესახებ მეტი სიცხადის მოთხოვნის შესახებ.
CNBC-ის ინფორმაციით, ათზე მეტი კონგრესმენი ჯეი კლეიტონს სთხოვდა, რომ ინვესტორებისთვის რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. ამასთანავე, კონგრესმენები ციფრული ვალუტების იდენტიფიცირების კრიტერიუმებს საინვესტიციო კონტრაქტებისა და ფასიანი ქაღალდების სახით ითხოვდნენ.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტრუქტურამ გამართულად იმუშაოს, რათა ციფრული ვალუტის რეგულაცია ინვესტორებისთვის მისაღები იყოს”,- აღნიშნულია კონგრესმენების წერილში.
უნდა აღინიშნოს, რომ კონგრესმენებმა შეშფოთება გამოთქვეს ციფრული ვალუტისა და პირველადი მონეტარული შეთავაზებების (ICO-ს) ვაჭრობასთან დაკავშირებული გაურკვევლობების შესახებ. კონგრესმენების განცხადებით, ნებისმიერი სახის გაურკვევლობა ხელს უშლის აშშ-ში ფინანსური ინოვაციების განვითარებას.
“ჩვენ გვჯერა, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას ექნება შესაბამისი მიდგომა სამართლებრივი გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად. რაიმე სახის თუნდაც მცირე სახის გაურკვევლობამ შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების შეფერხება გამოიწვიოს”,- აღნიშნულია ჯეი კლეიტონის მიმართ გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა. აღნიშნულ დისკუსიაში მსხვილი საფინანსო კომპანიები და კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლები კონგრესმენებთან ერთად მონაწილეობდნენ. შეხვედრის მთავარ თემას მარეგულირებელი სტრუქტურის განხილვა წარმოადგენდა.