ადენა ფრიდმანი: კრიპტოვალუტამ მომავლის ეკონომიკაში საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროს

0
1758

Nasdaq-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ადენა ფრიდმანი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა იმსახურებს შესაძლებლობას, რომ მომავლის ეკონომიკაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

ამ კვირაში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ფრიდმანმა განაცხადა, რომ Nasdaq-ი კრიპტოვალუტას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, კომპანია მიიჩნევს, რომ ციფრულ ვალუტას მომავალში განსაკუთრებული დატვირთვა ექნება.

ფრიდმანი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა, როგორც ჯერ კიდევ ახალი გამოგონება სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში გზას მიიკვლევს და თავის დამკვიდრებას ცდილობს.

ადენა ფრიდმანის თქმით, დღესდღეობით კრიპტოვალუტა ერთგვარ გზაჯვარედინზეც კი დგას, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ციფრული ვალუტის როგორც განვითარების ისე, მისი არსებობის დასრულების შესაძლებლობა.

“თუკი კრიპტოვალუტა განვითარდება, ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტას ექნება სტაბილური და მდგრადი კომერციული პროგრესი. ამასთანავე, ციფრული ვალუტა არსებულ ეკონომიკურ სისტემაშიც ინტეგრირდება.

მეორე შემთხვევაში კი, თუკი გამოგონება საზოგადოებაში ფართოდ არ გავრცელდება კრიპტოვალუტის განვითარებაც შეფერხდება და, გარკვეულწილად, კრიპტობირჟებს ლიმიტირებულად მოუწევთ არსებობა”,- აღნიშნა ადენა ფრიდმანმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nasdaq-ი კრიპტოვალუტის ბირჟის დაარსებას აპირებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი