თურქეთის პოლიციამ კრიპტო დანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

0
1305

თურქეთის ეროვნული პოლიციის კიბერდანაშაულის დეპარტამენტმა კრიპტო დანაშაულისთვის 11 პირი დააპატიმრა. კონკრეტულად, ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ კრიპტობირჟაზე თავდასხმაში, საიდანაც მათ 80.000 დოლარზე მეტი მოიპარეს.

ამის შესახებ თურქული გაზეთი Hürriyet-ი იტყობინება.

სტატიის მიხედვით, 14 პირმა საგამოძიებო უწყებას მიმართა და განაცხადა, რომ თავიანთი კრიპტო საფულიდან ბიტკოინების მოპარვა დააფიქსირეს. დაზარალებულების განცხადების შემდეგ, სტამბულის პოლიციამ ჰაკერული ჯგუფის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო მოქმედების შედეგად პოლიციამ ჰაკერები დააპატიმრა, ხოლო ჩხრეკვის შედეგად ამოღებულ იქნა ორი ყალბი პირადობის მოწმობა, 18 მობილური ტელეფონი, 22 მეხსიერების ჩიპი და სხვა ნივთები.

თურქეთის პროკურატურის ინფორმაციით, მოპარული ბიტკოინების ოდენობა დაახლოებით 437000 თურქულ ლირას შეადგენს. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ თავდამსხმელთა ჯგუფს მოპარული კრიპტოვალუტები თავიანთ ელექტრონულ საფულეზე გადაჰქონდათ, რათა მერე დოლარში გადაეცვალათ.

როგორც Hürriyet-ი წერს პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს გამოძიებას.

შეგახსენებთ, რომ მოყოლებული იანვრის თვიდან არაერთი ბირჟა გახდა ჰაკერების თავდასხმის ობიექტი. 2018 წლის დასაწყისში იაპონური ბირჟა Coincheck-დან ჰაკერებმა 530 მილიონი დოლარი მოიპარეს. ივლისში კი ჰაკერების მსხვერპლი კრიპტობირჟა Bithumb-ი გახდა, საიდანაც ჰაკერებმა 30 000 000 დოლარი მოიპარეს.

ბოლოს კი, ისევ იაპონური კრიპტობირჟა დაიჰაკა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Zaif-დან ჰაკერებმა 59 მილიონი დოლარი მოიპარეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი