ექსკლუზიური ინტერვიუ „Blockchain-ის აკადემიის“ დამფუძნებელ პროფესორ დავით ჭუმბურიძესთან

0
1742

ციფრულ ეპოქაში, საქართველო პერმანენტულად ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს ტექნოლოგიების ევოლუციის გზაზე. ქვეყანაში შექიმნა „Blockchain- საქართველოს ასოციაცია“, რომლის მიზანიც Blockchain-ისა და ციფრული ვალუტების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. ასოცაციის დაარსების ინიციატორი ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტი, პროფესორი დავით ჭუმბურიძეა, რომელსაც დღეს უკვე „Blockchain-ის აკადემია“ აქვს დაფუძნებული და საქართველოს უნივერსიტეტში Blockchain-ის თემაზე სამაგისტრო კურსის შექმნის თანამონაწილეა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს, სან-ფრანცისკოში „Blockchain ეკონომიკური ფორუმი“ იმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სახელით დავით ჭუმბურიძე იღებს. ის აშშ-ში ფორუმის ამერიკელმა ორგანიზატორებმა მიიწვიეს.

Cryptoworld-ი Blockchain-ის აკადემიის დამფუძნებელთან Blockchain-სა და კრიპტოვალუტების შესახებ ანალიტიკურ ინტერვიუს გთავაზობთ.

Cryptoworld: როგორი ტიპის სწავლება მიმდინარეობს საქართველოს უნივერსიტეტის Blockchain ლაბორატორაში?

დავით ჭუმბურიძე: ამ ეტაპზე, საქართველოს უნვიერისტეტში Blockchain-ის სამაგისტრო პროგრამა მუშავდება. მიმდინარეობს ლექციები. ასევე სტუდენტები თვითონ არჩევენ ბიტკოინისა და ეთერიუმის კოდს. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები მუშაობენ იმაზე, რომ გაიგონ, როგორ მუშაობს ბიტკოინი და ბიტკოინის Blockchain-ი კოდის დონეზე. შესაბამისად, უნივერსიტეტი სტუდენტების ჩართულობით მუშაობს უნივერსიტეტის ტოკენის შექმნაზე, რათა მოხდეს უნივერსიტეტის მთლიანი ტოკენიზაცია, ანუ საქართველოს უნივერისტეტის შესახებ ინფორმაციის გადატანა მოხდება Blockchain -ში.

– სტუდენტების მხრიდან რა ტიპის დაინტერესება არსებობოს Blockchain-თან მიმართებაში? ეს მხოლოდ ფინანსურ დონეზე რჩება, თუ არის განსხვავებული იდეებიც?

– არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტუალური ფინანსური საკითხებია, მაგრამ ჩვენს სამაგისტრო პროგრამაში Blockchain-ს არ განვიხილავთ მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტისა და კრიპტოვალუტის კუთხით. აქ განიხილება „სმარტ კონტრაქტები“, იურიდიული საკითხებში, ეიჩარში Blockchain-ის გამოყენება და ა.შ.

– „Blockchain-აკადემიაში” რა ტიპის სწავლება მიდის?

– აკადემია 2018 წლის 7 თებერვალს შეიქმნა. ასოციაციის შექმნის შემდეგ, უკვე მყავდა პროფესიონალების გუნდი და მათთან ერთად დავაარსე აკადემია. „Blockchain აკადემიის“ მიზანია მოკლე კურსების ჩატარება მსმენელებისთვის. ეხლა ვიწყებთ მოკლე სასერთიფიკაციო კურსების ჩატარებას Blockchain-ის შესახებ. კონკრეტულად, მსმენელი გაიგებს რა არის Blockchain-ი, რა არის კრიპტოვალუტა, მაინინგი. ლექციებზე ასევე იქნება საუბარი უსაფრთხოებისა და ანონიმურობის შესახებაც. ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები, ისეთი როგორიცაა მაგალითად, კოდის გარჩევა და ა.შ.

უნდა აღვნიშნო, რომ Blockchain-ი არის რევოლუციური სიტემა, რომელსაც უწოდებენ მომავლის ინტერნეტს. Blockchain არ არის მხოლოდ კრიპტოვალუტები და მაინინგი. ეს არის დიდი რეესტრი, სადაც ინფორმაციაა განთავსებული. პლატფორმაა, რომელზედაც შეგვიძლია დავაშენოთ სხვადასხვა ფუნქცია. Blockchain-ი უბრალოდ, საშუალებას გვაძლევს ყველაფერთან ერთად ფინანსური ინსტრუმენტებიც ჩავაბათ ამ სისტემას და ოპერაციების შესრულება გავიმარტივოთ.

„სმარტ კონტაქტებთან“ დაკავშირებით, რა მდგომარეობაა დღეს, შეუძლია მომხმარებელს თავისუფლად სარგებლობა? მაგალითისთვის, როდესაც კომპიუტერი შეიქმნა ადამიანებს სპეციალური განათლება ესაჭიროებოდათ, რათა ყველაფერში გარკვეულიყვნენ. Windows-მა კი გაამარტივა საქმე. იგივე მდგომარეობა ხომ არ არის „სმარტ კონტრაქტებთან“ მიმართებაში?

– „სმარტ კონტრაქტი“ ჯერჯერობით დანერგილი არ არის კერძოდა და სახელმწიფო სექტორში იმდოზით რაფუნქციონალიც და შესაძლებლობებიც მას გააჩნია, შეიძლება ითქვას რომ სახელმწიფო სექტორში ჯერ-ჯერობით არ გამოიყენება, მაგრამ მომავალში აქტიურად გამოყენებადი იქნება, იგივე სავაჭრო სისტემაში, თუნდაც სამართლის სფეროში. პირველ რიგში, სასამართლოში ნაკლები საქმე გაიგზავნება იმიტომ, რომ „სმარტ კონტრაქტი“ აღასრულებს პროცედურებს.

– როგორ შეიძლება ეს მოხდეს, იქნებ აგვიხსნათ?

– მაგალითად, რაზეც ჩვენ შევთანხმდებით თავიდანვე იქნება „სმარტ კონტრაქტში“ გაწერილი ყველა ის პირობა და ამასთანავე, იქნება ალტერნატივები იმისა, თუ პირობა არ შესრულდა საქმე როგორ უნდა გადაწყდეს. მაგალითად, თუ თქვენ ხართ რაიმე ნივთის მყიდველი, რომელსაც მე ვყიდი და თქვენ იხდით თანხას, ეს პროცესი სრულად აღწერილია და სეთანხმებულია „სმარტ კონტრაქტი“-ში. მარტივად, რომ ვთქვათ, „სმარტ კონტრაქტში“ იბლოკება, იყინება თანხა და ელოდება, რომ ნივთი მოგაწოდოთ. როდესაც „სმარტ კონტრაქტს“ უდასტურდება გადამზიდისგან, რომ ეს ნივთი მოგაწოდეთ და არის უნაკლო, თქვენ ხელს მოაწერთ და დაადასტურეთ ამ ყველაფერს. ამის შემდეგ, ავტომატურად ეს თანხა, გამყიდველთან გადაირიცხება. თუ ვთქვთ, რაიმე დარღვევა იქნა აღმოჩენილი შეთანხმებულ პირობებში და ეს იმ პირობებს არ შეესაბამება, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, რომელიც „სმარტ კონტრაქტშია“ გაწერილი შესაბამისად, „სმარტ კონტრაქტი“ უკვე აღასრულებს თვითონვე გადაწყვეტილებას. ეს აღსრულების პირობებიც არის წინასწარ ჩადებული. იურისტებსაც ძალიან ბევრი სამუშაო ექნებათ ამ მხრივ, რადგან ყოველი კონტრაქტის შედგენისას უნდა გაითვალისწინონ გვერდითი მოვლენები უარყოფითი მოვლენები რაც შეიძლება მომავალში წარმოიშვას. „სმარტ კონტრაქტში“ ყველა პუნქტი თავიდან ბოლომდეა გაწერილი და კონტრაქტი დამოუკიდებლად, აღასრულებს ამ ყველაფერს. პირობების არ შესრულების შემთხვევაში რა უნდა მოხდეს, სანქციებია გაწერილი და აღარ ხდება სასამართლომდე საქმის მიტანა.

– რაც შეეხება კრიპტოვალუტებს: ბოლო დროს, ძალიან აქტუალურია კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხი. თქვენ როგორ ფიქრობთ კრიპტოვალუტას რეგულაცია სჭირდება? რეგულაციები აფერხებს თუ ხელს უწყობს მის განვითარებას?

– პირველ ეტაპზე, აშშ და ევროპის გარკვეული სახელმწიფოები თავს იკავებდნენ, ხისტი რეგულაციებისგან იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებას შეაფერხებდნენ და ხელს შეუშლიდნენ. თუმცა, სახელმწიფოების ნაწილი ამ ეტაპზე, ხისტ რეგულაციებს იყენებს.

– მაგალითად, რომელი ქვეყანა მიმართავს ხისტ რეგულაციებს?

– მაგალითად, რუსეთი, ჩინეთი, სადაც ICO-ს მკაცრი რეგულაციებია, ან საერთოდ, მთლიანად იკრძალება. ლიბერალური რეგულაციების ყველაზე კარგი მაგალითია გერმანია. იქ სრულად გათავისუფლებულია გადასახდებისგან ბიტკოინში განხორციელებული ტრანზაქციები.

– დაბეგვრაც ხომ რეგულაციის სისტემის ნაწილია…

– კი, რა თქმა უნდა. მაგალითად, გერმანია საერთოდ არ ბეგრავს მაინერებს იმიტომ, რომ თვლის, ეს არის იგივე, რასაც ჩვენ შეიძლება ვაკეთებდეთ სახლის კომპიუტერზე ყოველდღიურად ან სამსახურში. უბრალოდ, ვიყენებდეთ გამოთვლით სისტემას იგივეა, რაც მაინერის ფუნქცია. ერთდერთი იმ შემთხვევაში იბეგრებიან, როდესაც მიღებული კრიპტოვალუტების გადატანა ხდება ნაღდ ფულში. ის, რომ მაინერი არ იბეგრება ეს არის ძალიან კარგი. თუმცა, საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს რაიმე სახის რეგულაციის სისტემა.

– სახელმწიფოს მხრიდან როგორი დამოკიდებულებაა, როცა რეგულაცია არ მოქმედებს ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ რაც არ არის რეგულირებული ის სრულად დაშვებულია, თუ ეს მიანიშნებს იმას, რომ სახელმწიფოს ჯერჯერობით არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია?

– ერთის მხრივ, ესეც არის, რომ, რაც არ რეგულირდება ის არ იკრძალება, მაგრამ არის შემაკავებელი ფაქტორები. თუ ის შეიცავს კრიმინალისა და თაღლითობის ნიშნებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შესაბამისად ერთვება პროცესში. ის, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი რეგულაცია არ არის დიდი პლიუსი, მაგრამ ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კრიპტოვალუტა მკაცრად დარეგულირდეს. პირიქით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი რეგულაციის სისტემა შემოვიღოთ, სხვა სახელმწიფოები დავაინტერესოთ ჩვენით. საქართველოში „რბილი“ რეგულაცია უნდა შემოვიდეს, რაც მსოფლიოში არის უკვე აპრობირებული. ევროკავშირის ტერიტორიაზე როგორი რეგულაციაც მოქმედებს, ისეთი რეგულაცია უნდა გვქონდეს ჩვენც და არა მაგალითად ისეთი, როგორიც რუსეთშია ან ჩინეთში.

საქართველოში არის რამდენიმე ICO პროექტი, რომელიც ქმნის თავის კრიპტოვალუტას და არანაირი რეგულაციის სისტემა არ არსებობს და უბრალოდ ვენდობით მათ კეთილსინდისიერებას. ამიტომ საჭიროა, რომ რაიმე დამოუკიდებელი ორგანო არსებობდეს, რომელიც შეამოწმებს და დადებს დასკვნას, დგას თუ არა ამ იდეის უკან რეალური ბიზნესი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს შემდგომში ისეთი სვლები, რომლებიც განვითარებას მოიტანს და არ იქნება „ბუშტი“, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გასკდეს.

ვფიქრობ, თუ მინიმუმ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება რეგულირებული უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, კვალიფიციური და სანდო ორგანიზაცია, რომელიც მოახდენს აუდიტს და დადებას კვალიფიციურ დასკვნას. რამდენად გააჩნია პოტენციალი და აქვს რეალური ბიზნეს გეგმა და არის თუ არა ის რეალურ ბიზნესზე დამყარებული, დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე არ არსებობს მსგავსი აუდიტორული კომპანია.

ზოგადად, საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულაციებზე მუშაობს. თუმცა, არ ვიცი რამდენად დადებითი იქნება ჩვენი ბაზრისთვის ეროვნული ბანკის მეირ შემოღებული რეგულაციები. ამ ეტაპზე ჩვენთან არ არის კრიპტოვალუტის ისეთი ბუმი, რომ რეგულაციები აუცილებელი იყოს, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. არ შეიძლება ისეთი ხელშეშლა, რომ საქმე სტარტაპშივე მოკვდეს.

– თქვენ თქვით, რომ არ არის ბუმი საქართველოში, მაგრამ მსოფლიო ბანკმა მესამე ადგილზე დაგვასახელა კრიპტოვალუტის მოპოვების მხრივ. ეს რაზე მეტყველებს?

– მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში განვითარებული რომაა მაინინგი და Blockchain-ის გამოყენება ძალიან კარგია. ეს ინვესტორებსაც იზიდავს, ინფორმაციაც გადის ქვეყნის შესახებ და ა.შ. თუმცა, უშუალოდ მაინინგს რაც შეეხება, მათემატიკური ალგორითმი, რაც დღეს გვაქვს რაღაც დროის შემდეგ რთულდება მისი გამოთვლა და ხდება ძველი მაინერებისთვის არამგობებიანი. ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება მაინერის შესყიდვას, სწორი გათვლები უნდა გავაკეთოთ. უნდა ვნახოთ, რომელ ალგორითმზე მუშაობს ესა თუ ის მაინერი და ამ ალგორითმზე რამდენი ვალუტაა დაფუძნებული. ასევე დიდი მნიშვენლობა აქვს მოპოვების სირთულეს. არ შეიძლება თვალდახუჭული ამ სფეროში ფულის ჩადება, თუნდაც კრიპტოვალუტაში, ან მაინინგში. ეს არის დიდი რისკის მატარებელი საქმიანობა და აქ უნდა ჩავდოთ ისეთი თანხები, რაც ზიანს არ მოგვაყენებს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ თანხებს დავკარგავთ.
უშუალოდ მაინერებს რაც შეეხებათ, ახლა არის გარდამავალი პერიოდი. ტექნიკური უზუნვეყოფის მხრივ გამოდის ახალი ტიპის მაინერები და სავარაუდოდ, აქამდე არსებული მაინერების დიდი ნაწილი რაც ბაზარზე არსებობდა გახდება არამომგებიანი. გამოვიდა ახლი თაობის 7 ნანომეტრიანი ჩიპები, რომლებიც უზრუნველყოფს მათემატიკური ალგორითმის ბევრად სწრაფად გამოითვლას და ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ეს გამოიწვევს ბაზარზე ყველა ალგორითმის გამოთვლითი სირთულის გაზრდას. გამოთვლითი სირთულის გაზრდის დროს ძველი მაინერები ვეღარ შეძლებენ სწრაფად გამოთვლას და ეს იწვევს იმას, რომ დენის ხარჯი მეტი არის ვიდრე მისის გამომუშავებული ვალუტა, რის გამოც იმ მომენტში კარგავს მომგებიანობას. პლიუს კურსებიც მოქმედებს, დოლართან მიმართებაში. რაც უფრო მეტი აპარატურული უზრუნველყოფა ირთვება ერთ ქსელში, ერთი ალგორითმის გამოსათვლელად, უფრო მეტად იზრდება ამ ალგორითმის სირთულე. ამასთანავე, ჯერჯერობით კრიპტოვალუტების კურსის მერყეობა არ ექვემდებარება ლოგიკას.

– შესაძლოა, ოდესმე, კურსი რაიმე სახის ლოგიკას დაექვემდებაროს?

– გარკვეული დროის მერე დაექვემდებარება, როდესაც მასიურად ჩაებმევა სხვადასხვა სერვისები. თუნდაც გადახდის სისტემაში მოხდება კრიპტოვალუტის მაქსიმალურად გამოყენება და როცა სესხები გაიცემა კრიპტოვალუტაში. ასეთ შემთხვევაში შედარებით დარეგულირდება. ამასთან, როცა რეგულაციებში მოქცევა მოხდება, ასეთი დიდი დოზით კურსი აღარ იმერყევებს.

– კრიპტოვალუტების ფასებთან დაკავშირებით, როგორია პროგნოზი?

– ჯონ მაკაფიმ თქვა, რომ 2022 წელს 1 ბიტკოინის ღირებულება 1 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ტიპ დრაიპერმა განაცხადა, რომ 250 000 დოლარი იქნებოდა 1 ბიტკოინი. ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება. ამ ეტაპზე არის სპეკულაციური კურსები და ასე გაგრძელდება რამდენიმე წელი, ვიდრე რეალური ეკონომიკა არ ჩაებმევა კრიტპოვალუტებში. რეალური ეკონომიკის ჩაბმისკენ ამერიკაში არის ნაბიჯები გადგმული. ერთ-ერთმა ბირჟამ „coinbase“-მა გააკეთა კრიპტოვალუტების ბიზნეს-პლატფორმა, სადაც არის ბიტკოინი, ბიტკოინ Cash-ი, ლაიტკოინი და ეთერიუმი. სხვადასხვა საიტებს შესაძლებლობა აქვთ „ჩაებან“ ამ პალტფორმას და გადასახადები კრიპტოვალუტებზე მიიღონ.

იმედი მაქვს, რომ წინა წელთან შედარებით, რაც იყო ბიტკოინის მაქსიმუმი კურსი წელსაც იმ მაქსიმუმს მიაღწევს და გადააჭარბებს. მაგრამ ეს იქნება დროებითი მოვლენა და ისევ დაუბრუნდება გარკვეულ ქვედა ზღვარს. ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე გადააჭარბებს 20 000 დოლარს. ალბათ, უფრო სექტემბრიდან დაიწყება ზრდა. შემდგომ ისევ დაუბრუნდება ქვედა ნიშნულებს. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის ახალი მაინინგის ტექნოლოგიაზეც. როდესაც ის გამოდის ბაზარზე გაყიდვის მიზნით, ხელოვნურად კურსების აწევა ხდება და მწარმოებლები ყიდიან დიდი რაოდენობით. ახალი თაობის ჩიპები გამოჩნდება ივნისი-ივლისიდან. სავარაუდოდ, რაღაც პეროდი იქნება კრიზისული და შემდგომ ფასები ისევ დაიწყებს მატებას.

– რა ვითარებაა საქართველოში Blockchain-ის პროგრამისტების კუთხით?

– უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში Blockchain პროგრამისტების კუთხით გვიჭირს. ზოგადად, კოდის წერას უკვეთავენ ისეთ გუნდს, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა საეთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აქვს შესაბამისი ხარისხიც. ასევე იგივე კოდის დაწერას უკვეთავენ აუდიტორორულ კომპანიას და ამ კომპანიის გუნდი აკეთებს წინა კომპანიის კოდის რევიუს, რომ თავიდან იქნას აცილებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეცდომები. ამისთვის ქართული ბაზარი არ არის მზად. ამიტომ ჩვენი პროგრამისტებისთვის ამ კუთხით, ხელშეწყობა არის საჭირო. ცალკეული პროგრამისტები გვყავს ძალიან ძლიერები და ნიჭიერები რომლებიც ძირითადში მიყავთ უცხოურ კომპანიებს.

– 16 ივნისს, სან-ფრანცისკოში თქვენ, საქართველოს სახელით Blockchain ეკონომიკური ფორუმზე მიგიწვიეს. რა იქნება თქვენი მოხსენების მთავარი მესიჯები?

– სიტყვით გამოსვლის დროს მაგალითად მოვიყვან, რომ ჩვენი ქვეყანა იყო პირველი, რომელმაც სახელმწიფო სექტროში დანერგა Blockchain-ი. ჩვენი საჯარო რეესტრი გადასულია ბიტკოინის Blockchain-ში. ეს ნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტაცია, რაც რეგისტრიდება საჯარო რეესტრში ავტომატურად ბიტკოინის Blockchain-ის ჩანაწერებში გადადის. ახლა მუშაობენ მეორე ეტაპზე, როდესაც „სმარტ კონტრაქტების“ დანერგვა იგეგმება. ეს იქნება პრეცენდენტი მსოფლიოში, როდესაც სახელმწიფო „სმარტ კონტრაქტების“ გამოყენებას დაიწყებს.

ამავდროულად, საქართველო არის მსოფლოოში მესამე ადგილზე მაინინგის მხრივ. კარგი გარემოა შექმნილი ინვესტირებისთვის, გვაქვს თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ბიზნესი მთლიანად გათავისუფლებულია გადასახადებისგან.

უშუალოდ კონფერენციაზე ჩემთან ერთად გამოდიან ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები, ინვესტორები, მათ შორის ტიმ დრაიპერი, სხდასხვა კომერციული კომპანიის დამფუძნებლები, ასევე კარდანოს და ევერქოინის დამფუძნებლები, ბიტკოინის Blockchain -ის ბორდის წევრი. კონფერენციზე ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტარი ევა კალი, რომელიც ევროპარლამენტში Blockchain-ის ინოვაციური ტექნოლოგიების მოძიების კომიტეტის ხელმძღვანელია და ისიც აქტიურად არის ამ საკითხებში ჩართული.

სიტყვით გამოსვლისას ვისაუბრებ საკითხზე „როგორ შევქმნათ გლობალური ეკოსისტემა და როგორ ჩავრთოთ პოტენციური პარტიონრები ჩვენს პროექტში“. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვგეგმავ საქართველოში მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ამ სფეროში მოღვაწე ასევე მაღალი რანგის სტუმრები, რათა ერთი მხირვ, მოხდეს უცხოელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი და მეორე მხრივ, თვითონ სახელმწიფოსაც სჭირდება ინფორმაცია მათგან, იმ უცხოელი მრჩეველებისგან, ვინც ეს ყველაფერი რეალურად პრაქტიკაში გამოიყენა და გამოცადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი