2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ არაერთი ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეუქმნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ ტიპის ეკონომიკურ გამოწვევას ციფრული სექტორის განვითარებით უპასუხა.
შვეიცარია
ცუგი, შვეიცარიის პატარა ადმინისტრაციული ტერიტორია 2020 წელს “კრიპტო ველის” სახელით გახდა ცნობილი. 2020 წლის სექტემბერში უკვე ცნობილი იყო, რომ ცუგის მაცხოვრებლები გადასახადების გადახდას კრიპტოვალუტის გამოყენებით, 2021 წლის თებერვლიდან დაიწყებდნენ.
მაკრო დონეზე, შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი ფინანსური და კორპორატიული სამართლის რეფორმები 2020 წლის სექტემბერში, რომელიც აერთიანებს კრიპტოვალუტისა და Blockchain სივრცის ახალ სამართლებრივ სისტემას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კრიპტოვალუტის ბირჟების მიმართ წაყენებული სამართლებრივი მოთხოვნები. ძირითადად ყურადღება გამახვილდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული წესების შემოღებაზე.
ამასთანავე, 2021 წლის თებერვლამდე შვეიცარიის კრიპტო და Blockchain სექტორის წევრების მონაწილეობით არაერთი შეხვედრა ჩატარდება. საუბარი შეეხება რეგულაციების დაცვით ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს ჩატარებულმა მუშაობამ საფუძველი ჩაუყარა მომავალ წლებში ქვეყანაში ციფრული სექტორის განვითარებას.
შვეიცარიული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში მუშაობს 900-ზე მეტი Blockchain და კრიპტო კომპანია. კომპანიების მიერ შექმნილი სამუშაო ადილების რაოდენობა კი დაახლოებით 4,700-ს შეადგენს.
სინგაპური
სინგაპურმა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უპირობო ლიდერობა მოიპოვა კრიპტოვალუტის ბირჟებისა და Blockchain ტექნოლოგიის განვითარების მხრივ.
მარეგულირებელი ორგანოს საგადახდო მომსახურებების შესახებ კანონი ამოქმედდა 2020 წლის იანვრიდან, რომელიც უზრუნველყოფს მკაფიო წესებსა და რეგულაციებს კრიპტოვალუტის ბირჟებისა და მომსახურების მიმწოდებლებისთვის.
ანალიტიკოსები ამ ფაქტს აღნიშნავენ, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს ქვეყანაში ინდუსტრიის სამომავლო განვითარებისთვის.
ყოველდღიურად სინგაპური ხდება უფრო მიმზიდველი სახლი Blockchain კომპანიებისთვის. FinTech Times-ის Blockchain რუკის თანახმად, ქვეყანაში 234 კომპანია მოქმედებს. ამ რაოდენობაში შედის 2020 წელს დამატებული 91 ახალი კომპანია.
სინგაპურმა ასევე უმასპინძლა რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და კონფერენციებს, მათ შორის, სინგაპურის Blockchain კვირეულსა და FinTech ფესტივალს. ეს უკანასკნელი კი იზიდავს მსხვილი ინვესტორების ფინანსებს.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სინგაპური ერთ–ერთია იმ ქვეყნებშის რიცხვში, რომლებსაც არ აქვთ კრიპტოვალუტის მოგების გადასახადი. ეს ყველაფერი კი სინგაპურს კრიპტო-მეგობრულ ქვეყანად აქცევს.
აშშ
2020 წლის დასაწყისში აშშ–ს სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ განმარტა, რომ ბიტკოინი და ეთერიუმი კლასიფიცირდებოდა, როგორც საქონელი.
უკვე წლის მიწურულს კი აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ რიპლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სარჩელი შეეხება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების მომხმარებლისთვის შეთავაზებას. რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრედ გარლინგჰაუსმა პირობა დადო, რომ სასამართლოში იბრძოლებს მარეგულირებლის წინააღმდეგ მანამ, სანამ არ გაიმარჯვებს.
სიტუაცია არის მწვავე და Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სივრცისთვის ეს არის ერთგვარი შეხსენება, რომ ამერიკაში მარეგულირებელი ორგანოები ყურადღებით აკვირდებიან ციფრულ სექტორს.
მარეგულირებელი პრობლემების მიუხედავად, 2020 წელი ციფრული ვალუტისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან ტრადიციული ბიზნესის და ფინანსური სფეროს მსხვილი მოთამაშეები აგრესიულად შევიდნენ კრიპტო ბაზრებზე.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, აშშ-ში კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის განვითარება მეტწილადად დამოკიდებული იქნება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციებზე.