ჰონგ-კონგის სავალუტო ორგანომ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ კვლევას ატარებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ასევე ავრცელებს Ejinsight-ი.
ამ საკითხის პარალელურად, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ ჰონგ-კონგის ფინანსურმა მარეგულირებელმა ციფრული ვალუტის ბირჟებისთვის ახალი მარეგულირებელი წესები გამოაქვეყნა.
უფრო კონკრეტულად კი, ციფრული ვალუტის ბირჟებს ევალებათ მომხმარებელთა შემოწმების მექანიზმის დანერგვა.
“პლატფორმის ოპერატორი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. მან უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული კლიენტის იდენტურობა, მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა, ინვესტიციის მიზნები და ა.შ.”,- განაცხადა მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, ეშლი ელდერმა.
როგორც ცნობილია, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრულ ვალუტაზე მუშაობა უკვე დაასრულა.
ამ საკითხთან დაკავშირებით Global Times-ის სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ციფრული ვალუტის კვლევას დიდ ყურადღებას უთმობდა. მისი თქმით, საჭირო იყო რისკების კვლევა, ტესტირება და შედეგების შეფასება.
“ჩინეთის სახალხო ბანკის კვლევამ და ციფრული ვალუტის განვითარებამ მიაღწია პროგრესს, მაგრამ ქვეყანას ჯერ არ აქვს ციფრული ვალუტის ამოქმედების გრაფიკი”, – განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.