იაპონიის ბანკის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ცენტრალურმა ბანკებმა ციფრული ვალუტის გაცემის შედეგების უფრო ღრმა ანალიზი უნდა წარმოადგინონ.
“როიტერის” ცნობით, იაპონიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ, მასაოიში ამამიამ განმარტა, რომ ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებს შეუძლიათ როგორც სარგებლის, ისე ზიანის მოტანა.
”როდესაც ქვეყნები განიხილავენ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გაცემას, მათ უნდა ჩაატარონ ყოვლისმომცველი კვლევა, თუ რა გავლენას ახდენს ეს მათ ანგარიშსწორებასა და ფინანსურ სისტემებზე”,- აღნიშნა იაპონიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ.
ცოტა ხნის წინ, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჰარუიკო კუროდამ განაცხადა, რომ იაპონიაში მთავრობის მიერ სანქცირებული და გამოშვებული ციფრული ვალუტის მოთხოვნა არ დგას დღის წესრიგში. მან იქვე დაამატა, რომ ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც რეგულაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და რისკები მოგვარდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, იაპონიაში 25-დან 30 წლამდე დასაქმებული ადამიანების 14% კრიპტოვალუტის მფლობელია.