გაერთიანებული სამეფოს ფინანსურმა მარეგულირებელმა ICAP Crypto-ს შესახებ გაფრთხილება გამოსცა.
მარეგულირებლის განცხადების მიხედვით, ICAP Crypto ოპერირებს, როგორც ICAP Europe Limited-ის ბაზაზე დაფუძნებული კომპანია. თუმცა, როგორც გაირკვა, ICAP Crypto არაკანონიერი საქმით არის დაკავებული.
ICAP Crypto-ს მსგავსი კომპანიები სხვა მსხვილი ფირმების სახელს იყენებენ და ასე ცდილობენ მომხმარებლის ნდობის მოპოვებას.
ამ შემთხვევაში ICAP Europe Limited არის ლეგალური კომპანია, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელთან ოფიციალურად აქვს რეგისტრაცია გავლილი და არანაირად არ არის დაკავშირებული ICAP Crypto-სთან.
რაც შეეხება ICAP Crypto-ს, ამ კომპანიას გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი კანონიერად არ სცნობს. შესაბამისად, ICAP Crypto არც არის დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ იანვარში დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ციფრული ვალუტის საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტში განმარტებული იყო, რომ კრიპტო აქტივი შეიძლება განხილული იყოს, როგორც სპეციფიკური ინვესტიცია, ფინანსური ინსტრუმენტი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. სამივე შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას სხვადასხვა უწყება შეითავსებს.