გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში, სახელწოდებით “კრიპტოვალუტები და Blockchain-ი: ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 2018 წლის ეკონომიკური ანგარიში”.
ანგარიშში საუბარია საქართველოზეც და აღნიშნულია, რომ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების მოპოვებისათვის ხელშემწყობი გარემოდან გამომდინარე, საქართველოში Blockchain ტექნოლოგია ფართოდ არის გავრცელებული.
აღნიშნულის შესახებ Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა იტყობინება.
“რეგიონის ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო, სწორედ ახალი ციფრული ტექნოლოგიებით უნდა ისარგებლონ, რათა მომსახურება გააუმჯობესონ და უფრო ინოვაციური გახადონ”, – აღნიშნულია კვლევაში.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ კვლევის თანახმად, საქართველო მსოფლიოში მესამე უდიდეს კრიპტოვალუტის მომპოვებელ ქვეყანად დასახელდა.
“საქართველოში შინამეურნეობის დაახლოებით 5% ჩართულია კრიპტოვალუტის მოპოვებაში ან ინვესტირებაში”, – აღნიშნულია ანგარიშში.
“ევროპის და ცენტრალური აზიის ბევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიების განვითარებისთვის”, – აცხადებს მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი, ჰანს ტიმერი.
“მაგალითად საქართველოში, კრიპტოვალუტის მოპოვება ფართოდ არის გავრცელებული, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია საგადასახადო შეღავათებით და ელეტროენერგიის დაბალი ფასით. დროთა განმავლობაში მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური ზედამხედველობის და მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – აცხადებს ტიმერი.