ინდოეთის მთავრობა კრიპტოვალუტის ლეგალიზაციას მოახდენს

0
1663

ინდოეთის სამთავრობო კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტის ლეგალიზება მოხდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინგლისურენოვანი გამოცემა The New Indian Express-ი ავრცელებს.

“არსებობს საერთო კონსენსუსი, რომ კრიპტოვალუტა არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც არალეგალური აქტივი. ციფრული ვალუტა ნამდვილად უნდა იყოს ლეგალიზებული”,- განაცხადა მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ინდოეთის მთავრობის წინა პანელურ შეხვედრებზე ციფრული ვალუტების სრული აკრძალვა განიხილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა კომიტეტმა ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში გამოაცხადა ციფრული ვალუტების აკრძალვის შესახებ, ახალი კომიტეტი მრგვალი მაგიდის ფორმატში მუშაობდა და შეიქმნა იმისთვის, რომ სხვადასხვა მოსაზრება განხილულიყო.

The New Indian Express-ის ინფორმაციით კომიტეტმა უკვე ორი შეხვედრა გამართა, ხოლო მომდევნო შეხვედრა მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტში ელექტრონიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს წევრები, ასევე ინდოეთის ცენტრალური ბანკის თანამშრომლები, ქვეყნის ფასიანი ქაღალდების საბჭოსა და შემოსავლების სამსახურის წევრებიც შედიან.

მთავრობის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრებმა კრიპტოვალუტის ბირჟები ექსპერტებთან ერთად შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ციფრული ვალუტის სამართლებრივ ასპექტებზე მუშაობა უნდა დაეწყოთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი