ახალი ზელანდიის კრიპტოვალუტის ბირჟა ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა

0
2002

ახალი ზელანდიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟა Cryptopia ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია ბირჟიდან 3.6 მილიონი დოლარია მოპარული.

“Cryptopia-ს დაჰაკვის დროს უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რისი შედეგიც ასეთი დიდი რაოდენობის თანხის დაკარგვა იყო”,- განაცხადეს კრიპტობირჟის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ კიდევ მოვლენების თანმიმდევრობის დადგენის ეტაპზეა.

“გამოძიება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და პოლიცია განაგრძობს Cryptopia-სთან მუშაობას, რათა დადგინდეს ზუსტად როგორ მოხდა ბირჟზე თავდასხმა”,- ნათქვამია პოლიციის პრეს-რელიზში.

პრეს-რელიზიდან ასევე ირკვევა, რომ საქმეზე პოლიციის მაღალტექნოლოგიურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების სპეციალისტებიც მუშაობენ.

პოლიცია ასევე აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ბულგარეთში ჰაკერებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტები მოიპარეს.

როგორც სოფიას პროკურატურა იტყობინებოდა, გამოძიება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ ჟანდარმერია ჰაკერების კვალზე გავიდა და სამი მათგანი დააკავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი