ნიუ–იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ Blockchain ტექნოლოგიაზე მომუშავე ვაქცინაციის პასპორტის შექმნა დაანონსა. ციფრული ცნობა IBM– ის Digital Health Pass–ზე იქნება აშენებული.
პასპორტი გაიცემა უფასო და ნებაყოფლობითი პლატფორმის საშუალებით, რომელიც ამოწმებს Covid-19 ვაქცინაციას ან უარყოფითი ტესტის შედეგებს სმარტფონის სკანირების ან QR კოდის საშუალებით.
Excelsior Pass-ი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შტატის ბიზნესის და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გახსნის პროცესს.
ვაქცინაციის პასპორტი აგებულია IBM-ის Blockchain-ზე მომუშავე Digital Health Pass-ზე, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებლის ვინაობა, ვაქცინაციის ისტორია და ტესტის შედეგები გადამოწმდეს და საიმედოდ იყოს შენახული.
განცხადებაში გუბერნატორმა ხაზი გაუსვა ტექნოლოგიის გამოყენების მნიშვნელობას, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, ასევე ეკონომიკისთვის.
”IBM-ი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ნიუ-იორკის შტატის მცდელობას, გამოიყენოს ინოვაციური ტექნოლოგიები, რათა დაეხმაროს მოსახლეობას”,- განაცხადა IBM-ის საზოგადოებრივმა და ფედერალური ბაზრების გენერალურმა მენეჯერმა, სტივ ლეფლეჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ენდრიუ კუომომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული გეგმების შესახებ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადა.