“როიტერის” ინფორმაციის თანახმად, ლონდონის სამეფო სასამართლომ უბრძანა Binance-ს ჰაკერების იდენტიფიცირება და მოპარული ქონების ჩამორთმევა.
გავრცელებული ინფორმაციით, Fetch.ai აცხადებდა, რომ ჰაკერებმა 2,6 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მისი Binance-ის ანგარიშიდან 6 ივნისს მოიპარეს.
”ჩვენ უნდა გავანადგუროთ მითი, რომ კრიპტოვალუტები ანონიმურია. რეალობა ისაა, რომ სწორი წესებითა და აპლიკაციებით მათი თვალყურის დევნება, მიკვლევა და აღდგენა შესაძლებელია”,- განაცხადა Fetch.ai–ს იურიდიული გუნდის წევრმა, რაიდ რაჰმანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ Binance-ში უკვე მიმდინარეობს პიროვნებების მოძიება და გაყინულია დაზარალებულთა სახსრები.
”ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენ ვეხმარებით Fetch.ai–ს აქტივების აღდგენაში. Binance რეგულარულად ყინავს ანგარიშებს, რომლებიც გამოვლენილია საეჭვო აქტივობებით, ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკისა და მომხმარებლების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნულია კრიპტოვალუტის ბირჟის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უშუალოდ Binance-ზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა 2019 წელს განხორციელდა. რა დროსაც ბირჟიდან ჰაკერებმა 40.7 მილიონი დოლარის მოპარვა მოახერხეს.