Binance-ი ფილიალს სინგაპურში გახსნის

0
1559

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენგპენგ ზაომ განაცხადა, რომ ბირჟის ფილიალი სინგაპურში აპრილში გაიხსნება.

ეს ინფორმაცია ჩენგპენგ ზაომ სამხრეთ კორეაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლის დროს გააჟღერა. მიუხედავად ამ ინფორმაციის გაჟღერებისა, Binance-ის აღმასრულებელ დირექტორს დეტალებზე არ უსაუბრია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში Binance-ი აქტიურად განაგრძობს გაფართოებას. ჯერ კიდევ იანვარში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიპტობირჟა პლატფორმის გახსნას ჯერსის კუნძულზე აპირებდა.

ჯერსიზე გახსნილი ბირჟა ტრადიციული ვალუტით კრიპტოვალუტის ყიდვას უზრუნველყოფდა. როგორც მედია იუწყებოდა, ბირჟაზე ევროთი და ბრიტანული ფუნტი სტერლინგით ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლებოდა ვაჭრობა.

დაახლოებით ერთი თვის წინ კი Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ზე დაწერა, რომ ახალ კრიპტობირჟას აფუძნებდა.

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის სტატუსი ერთგვარი პასუხი იყო CoinSpice-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე. სტატიაში ავტორი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ჩენგპენგ ზაო მოლაპარაკებას აწარმოებდა არგენტინის მთავრობასთან. თანამშრომლობა შეეხებოდა კრიპტო ინვესტიციების მოზიდვისა და Blockchain პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი