Twitter-ისა და Square– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ ის არ გეგმავს Twitcoin-ის შექმნას. თუმცა ჯეკ დორსიმ გაამჟღავნა, რომ ის ბიტკოინის პოპულარიზაციაზეა ფოკუსირებული.
ავსტრალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეკ დორსი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინი კვლავაც რჩება ყველაზე სასურველ ვალუტად, რომელსაც აქვს შანსი, რომ ინტერნეტის ვალუტა გახდეს.
”ვფიქრობ, რომ ინტერნეტი ღია სტანდარტებს ემსახურება და შესაბამისად, მომხმარებელს უკეთეს სერვისაც სთავაზობს, ვიდრე კონტროლირებადი საფინანსო კომპანიები”,- აღნიშნა ჯერ დორსიმ მედიასთან საუბრის დროს.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ იგი არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ Facebook–ის კრიპტოვალუტის წაბაძვით Twitter–ის ციფრული ვალუტა შექმნას. როგორც ჯეკ დორსი ამბობს, მას ურჩევნია არსებული ისეთი ღია სტანდარტების გამოყენება, როგორიც არის ბიტკოინი.
შეგახსენებთ, რომ ჯეკ დორსი კრიპტო ინდუსტრიისა და საბანკო სფეროს თანამშრომლობის მომხრეა.
“ინტერნეტ კომპანიას შეუძლია დაიწყოს რაღაც ახალი, რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ამასთანავე, საჭიროა ყურადღება მიექცეს მარეგულირებლის მოთხოვნებსაც. კრიპტო ინდუსტრიას სჭირდება პარტნიორობა ბანკებთან. თუმცა ეს საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვს”,- აღნიშნა ერთ-ერთ განცხადებაში ჯეკ დორსიმ.