Binance-ი უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს

0
1549

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, Binance-ი უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას იწყებს. თანამშრომლობის მიზანია ქვეყანაში კრიპტოვალუტის შესახებ კანონმდებლობის შემუშავება.

Binance-მა ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან, რათა ორივე მხარემ ერთობლივად იმუშაოს ქვეყანაში კრიპტოვალუტის ლეგალური სტატუსის შექმნაზე.

განცხადების თანახმად, სამინისტრო, პარლამენტის წევრები და კომერციული კომპანიები 2019 წლის ბოლოს აპირებენ შესაბამისი კანონპროექტების საბოლოოდ დასრულებას და უკრაინის პარლამენტში წარდგენას.

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩენგპენგ ზაომ Twitter-ზე აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. ციფრული ვალუტის ბირჟის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონმდებლობას საკვანძო როლი აქვს. ეს ყველაფერი კი კრიპტოვალუტის მომავალზე დადებითად აისახება.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი წლი წინ უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ სამუშაო ჯგუფი შექმნა. ჯგუფი კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სისტემის შექმნას განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ Binance-ი გარდა უკრაინის ხელისუფლებისა, მალტის საფონდო ბირჟასთანაც თანამშრომლობდა.

მალტის საფონდო ბირჟის თავმჯდომარემ, ჯო პორტელიმ თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, რომ ინიციატივა წარმოადგენდა ბაზრისთვის ახალ შესაძლებლობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი