ხუთშაბათს, 6 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი საგრძნობლად შემცირდა. ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა. კრიპტოვალუტის ფასები 3.700-სა და 3.500 დოლარს შორის მოძრაობდა.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით, 11.8%-ით შემცირდა. დღის ბოლოს კი ფასი 3.521 დოლარზე დაფიქსირდა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსის უმაღესი ნიშნული 30 ნოემბერს დაფიქსირდა, რა დროსაც ფასის ნიშნული 4.323 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე მსხვილ კრიპტოვალუტას, რიპლის: 6 დეკემბერს ალტკოინის კურსი დაახლოებით 0.31 აშშ დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის კურსი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 11.7%-ით შემცირდა.
ამასთანავე, ბოლო 7 დღის მანძილზე რიპლის კურსი 0.38-სა და 0.31 დოლარს შორის მერყეობდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 115 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით გუშინ კაპიტალიზაცია 12 მილიარდით შემცირდა.