ინდოეთის ეკონომიკური საქმეების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ პირად საკუთრებაში კრიპტოვალუტის აკრძალვა უნდა დააწესოს.
აღნიშნული განცხადება ინდოეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსური სტაბილურობისა და განვითარების საბჭოს ხელმძღვანელმა არან ჯეითლიმ შეხვედრა გამართა მთავრობის წარმომადგენლებთან.
ეკონომიკურ საქმეთა დეპარტამენტის მდივანმა, საბაშ ჩანდრა გერგმა განაცხადა, რომ საბჭო შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ ნორმას ინდოეთში კერძო კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის შესახებ.
თუმცა მიუხედავად ამისა, მან წინადადება წამოაყენა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოსა და მთავრობის წევრების შეხვედრა გასულ კვირას ინდოეთის უზენაეს სასამართლოს მოსმენის შემდეგ შედგა. ინდოეთის მთავრობა სწორედ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რათა შემდეგ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს კრიპტოვალუტის შესახებ.
თავის მხრივ, უზენაესმა სასამართლომ მოითხოვა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებამდე დაინტერესებულმა მხარეებმა წარმოადგინონ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი არგუმენტები.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მრავალჯერადი შეფერხების შემდეგ სასამართლომ საბოლოოდ გამართა მოსმენა კრიპტოვალუტის სტატუსის განსაზღვრის შესახებ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელი ინდოეთის კრიპტო საზოგადოებამ ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ შეიტანა. საქმე ეხება ინდოეთის ცენტრალური ბანკის წინადადებას, რომელიც ქვეყანაში მოღვაწე ბანკებს კრიპტოვალუტის სფეროსთან ყველანაირი სახის ურთიერთობას უკრძალავს.