გამაგრილებელი სასმელების გიგანტი, კოკა-კოლა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან და კიდევ სამ სხვა კომპანიასთან ითანამშრომლებს. თანამშრომლობის მიზეზი ერთობლივი პროექტია, რომელიც Blockchain-ზე იქნება დაფუძნებული და მსოფლიო მასშტაბით მუშათა უსაფრთხო რეესტრს შექმნის.
ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით, 25 მილიონი ადამიანი მუშაობდა იძულებით შრომით პირობებში. აქედან, 47% აზიის რეგიონში ცხოვრობს.
სასმელი კომპანიები პირისიპირ შეეჯახნენ პრობლემას, როდესაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ადამიანები იმ ქვეყნებში იყვნენ იძულებითი შრომის ქვეშ, სადაც კომპანიები შაქრის ლერწამს მოიპოვებდნენ.
გასულ წელს გლობალური მიწოდების ქსელის გამჭვირვალობის ორგანიზაციამ KnowTheChain-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საკვებისა და სასმელი კომპანიების უმეტესობა იძულებითი შრომის პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებს.
Blockchain-ზე დაფუძნებული ახალი პროექტი კი, მუშებისა და მათი კონტრაქტების შესახებ უსაფრთხო რეესტრს შექმნის.
“ჩვენ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს გამჭვირვალობა და ეფექტურობა შრომითი პოლიტიკის შესახებ”,- განაცხადა ბრენტ ვილტონმა, კოკა-კოლას დასაქმებულთა უფლებების დამცველმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს არის დეპარტამენტის პირველი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც შრომით უფლებებთან დაკავშირებით Blockchain-ის გამოყენებას ეხება. სამთავრობო უწყება Blockchain-ს სოციალური კეთილდღეობისთვის სასარგებლო ტექნოლოგიად მიიჩნევს.
ამ პროექტისთვის ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Bitfury Group-ი Blockchain პლატფორმას შექმნის, ხოლო Emercoin-ი Blockchain მომსახურეობას უზრუნველყოფს.