იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოს ვიცე-კომისარმა, კიოტაკა სასიკიმ განაცხადა, რომ სააგენტო ამჟამად 30-კაციანი ჯგუფის მეშვეობით კრიპტოვალუტის ბირჟების ზედამხედველობას ახორციელებს. ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სალიცენზიო განაცხადების განხილვას.
კომისარი ამბობს, რომ 160-ზე მეტი კომპანია ელოდება ლიცენზიის მიღებას საკმარისი რაოდენობის პერსონალი კი მარეგულირებელ ორგანოს არ ჰყავს. ამიტომ კომისიამ მიიღო გადაწყვტილება კრიპტოვალუტის ბირჟების შემსწავლელ ჯგუფს კიდევ 12 ადამიანი დაემატოს.
ბირჟების შემსწავლელ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომისიამ 16 განაცხადი განიხილა, საიდანაც 12-ს ლიცენზია მიენიჭა, ერთს უარი ეთქვა და სამ ბირჟას, მათ შორის Coincheck-ს მოუწევს გარკვეული პერიოდით მოცდა, სანამ მარეგულირებელი საბოლოო გადაწყვეტილებას გაახმაურებს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სააგენტო გეგმავს შეცვალოს თავისი რისკის შემფასებელი მექანიზმები. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებზე მარეგულირებელი მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.
მარეგულირებელის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ რისკის შემფასებელი მექანიზმები არასაკმარისია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში იაპონიის მარეგულირებელმა გამოაქვეყნა კრიპტოვალუტის ბირჟების შემოწმების შედეგები, რომლის მიხედვითაც, შიდა ბირჟებზე ჯამური ციფრული აქტივები 792.8 მილიარდ იენს შეადგენდა, რაც 7.1 მილიარდი დოლარია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი წლის განმავლობაში 6-ჯერ არის გაზრდილი.