კრიპტო ბირჟა Binance-მა, ბოლო დროინდელი ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, შეძლო გარკვეული დანაკარგის აღდგენა. როგორც ცნობილია, აღნიშნული თავდასხმა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლის Curve Finance-კენ იყო მიმართული.
“ტვიტერში” Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ დაწერა, რომ ბირჟამ გაყინა და დაიბრუნა მოპარული აქტივებიდან 450,000 დოლარი, რაც მოპარული სახსრების 80 პროცენტზე მეტია.
ჟაოს თქმით, ჰაკერი ცდილობდა სახსრების ბირჟაზე გაგზავნას სხვადასხვა გზით, მაგრამ Binance-მა იგი დროულად აღმოაჩინა. ბირჟა ამჟამად მუშაობს თანხების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებაზე.
Curve Finance-ის გუნდმა აღმოაჩინა “ჰაკინგი” კვირის დასაწყისში და გააფრთხილა მომხმარებლები, რომ თავი შეიკავონ ვებსაიტის გამოყენებისგან. გაფრთხილებიდან ერთი საათის შემდეგ გუნდმა განაცხადა, რომ შეძლო პრობლემის პოვნა და მოგვარება.
თუმცა, თავდამსხმელებმა მაინც შეძლეს 537,000 აშშ დოლარის ღირებულების მონეტების (USDC) მოპარვა.
Elliptic-ის ექსპერტების აზრით, ჰაკერმა დაარღვია Curve Finance-ის დომენური სახელების სისტემა (DNS).
ექსპერტებმა მედიას განუცხადეს, რომ თანხები შემდეგ იგზავნებოდა სხვადასხვა ბირჟაზე, რათა გადარიცხვების ტრეფიკი მიუკვლევადი ყოფილიყო.