საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ეკონომიკური მრჩეველი და კვლევის ხელმძღვანელი ჰან სონგ შაინის განცხადებით, კრიპტოვალუტა აქციებისა და ობლიგაციების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.
ამის შესახებ Business Times-ი იტყობინება.
24 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შაინმა აღნიშნა:
“თუ ადამიანები გადაიხდიან ტოკენს ფინანსურ მოგების მიზნით, მაშინ სავარაუდოდ ის უნდა ჩაითვალოს ფასიან ქაღალდად და მოქცეული იყოს იმავე მკაცრი დოკუმენტაციის მოთხოვნებსა და რეგლამენტში, როგორც არის სხვა ფასიანი ქაღალდები”.
შაინის სიტყვები ეხმიანება ინგლისის ბანკის მმართველის მარკ კერნის მოსაზრებას. კერნი ჯერ კიდევ მარტის თვეში აკრძალვის ნაცვლად, კრიპტოვალუტის რეგულაციას მოითხოვდა.
კერნი ასევე ამბობდა, რომ აუცილებელია ციფრული სავალუტო ეკოსისტემის დანარჩენი საფინანსო სისტემაში ჩართვა, რომელიც იმავე მარეგულირებელი მიდგომის დაქვემდებარებაში იქნება, როგორშიც არსებული ფინანსური სექტორია.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია ბიტკოინსა და ეთერიუმს ფასიანი ქაღალდების კონტექსტში არ განიხილავს კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველადი მონეტარული შეთავაზება ჯერჯერობით ფასიანი ქაღალდის კონტექსტში განიხილება.
ამასთანავე, თებერვალში გამართულ სენატის მოსმენაზე ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა განაცხადა, რომ თუ კომპანია ტოკენს ან მონეტას გამოსცემს, რომელსაც გარკვეული ღირებულება ექნება მაშინ, ის ფასიანი ქაღალდი უნდა იყოს.
“შეგიძლიათ მას მონეტა უწოდოთ, მაგრამ თუ ის ფუნქციონირებს, როგორც ფასიანი ქაღალდი, ეს ნიშნავს, რომ ის წარმოადგენს ფასიან ქაღალდს”,-აღნიშნა ჯეი კლეიტონმა.