30 ოქტომბერს, გერმანიის ბანკების ასოციაციის მიერ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ ევროპას ციფრული ევრო ესაჭიროება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის შედგენაში 200–ზე მეტი კომერციული ბანკის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ამ მოსაზრებას გერმანიის ფინანსთა მინისტრი, ოლაფ შოლციც იზიარებს. მან მხარი დაუჭირა ციფრული ევროს გამოშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყებას. ოლაფ შოლცის თქმით, ციფრული გადახდის ასეთი სისტემა ხელსაყრელი იქნება ევროპისთვის.
ფინანსთა მინისტრის გარდა, მნიშვნელოვანია ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადებაც. მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ stablecoin-ს და ზოგადად კრიპტოვალუტას ბაზარზე დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
“ჯერჯერობით, stablecoin-მა და ციფრულმა ვალუტებმა მცირე გავლენა მოახდინეს ბაზარზე. ამ ეტაპზე არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ კრიპტოვალუტა ტრადიციულ ვალუტას კონკურენციას უწევს”,- განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მარიო დრაგისა და გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს დამოკიდებულება ერთმანეთს ემთხვევა. პარლამენტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისეთი კრიპტოვალუტას მაგალითად, როგორიც არის ბიტკოინი, არ აქვს ვალუტის სტატუსი.
უფრო მეტიც, განცხადებაში ნათქვამია, რომ stablecoin-ი სახელმწიფო ვალუტის ალტერნატივას არ წარმოადგენს.