ნიგერიის მარეგულირებელი მოქალაქეებს კრიპტოვალუტის გამოყენებას არ ურჩევს

0
2984

ნიგერიის დეპოზიტების სადაზღვეო კორპორაციამ ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტის გამოყენებისგან თავი შორს დაეჭირათ, რადგან ქვეყნის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტას ლეგალურ ვალუტად არ აღიარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Business Post Nigeria ავრცელებს.

Business Post Nigeria აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი გაფრთხილება, რადგან სხვადასხვა სამთავრობო უწყება ნიგერიელებს “ფულის ამ ახალი ფორმის” შესახებ მრავალჯერ გაუფრთხილებია.

ნიგერიის დეპოზიტების სადაზღვეო კორპორაციის კვლევითი დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადიკუ იგოჩემ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ნიგერიის ცენტრალური ბანკის მიერ არ არის სანქცირებული და ქვეყნის დეპოზიტების სადაზღვეო კორპორაციის მიერ დაზღვეული.

ენგუს საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ადიკუ იგოჩემ განაცხადა: “კრიპტოვალუტას არანაირი ფიზიკური “პროდუქტი”, მაგალითად, როგორიცაა ოქრო, არ უმაგრებს ზურგს. კრიპტოვალუტა არ განეკუთვნება ვალუტის ან მონეტის კატეგორიას, რომელსაც ცენტრალური ბანკი ან რომელიმე სახელმწიფო უშვებს”.

ადიკუ იგოჩემ ისიც აღნიშნა, რომ ნიგერიის მოქალაქეებმა მხოლოდ იმ საფინანსო ინსტიტუციებს უნდა მიმართონ, რომელიც დეპოზიტების სადაზღვეო კორპორაციის ზედამხედველობის ქვეშ არიან.

შეგახსნებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგიის განსავითარებლად ნიგერიის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა Blockchain-ის რამდენიმე ორგანიზაციასა და startup კომპანიასთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი