ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოთხმა ბანკმა ოქროზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა შექმნა. ციფრულ ვალუტას PayMon-ი უწოდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Financial Tribune-ი ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, კრიპტოვალუტა შეიქმნა Parsian Bank-თან, Bank Pasargad-თან, Bank Melli Iran-თან და Bank Mellat-თან პარტნიორობის შედეგად. კრიპტოვალუტის ბირჟამ, Iran Fara Bourse-მ თავის სიაში PayMon-ი უკვე დაამატა.
Blockchain ტექნოლოგიის კომპანიის Kuknos დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი კრიპტო აქტივი არის ტოკენიზაციისკენ მიმავალი გზა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია კრიპტოვალუტის ტექნიკურ მხარეზე არის პასუხისმგებელი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებდა, რომლის ძირითადი მიზანიც აშშ-ს ეკონომიკური სანქციების დაძლევა იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში გავრცელდა.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ირანი კრიპტოვალუტის საშუალებით ფინანსურ ოპერაციებს განიხილავს შემდეგ ქვეყნებთან: შვეიცარიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, რუსეთთან, ავსტრიასთან, გერმანიასთან და ბოსნიასთან.