ტაილანდის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში მომუშავე ბანკებს კრიპტო ვაჭრობისგან თავის შეკავებას ურჩევს

0
841

ტაილანდში მიუხედავად კრიპტოვალუტის პოპულარობისა, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტების მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავა.

ტაილანდის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ არ სურს კომერციული ბანკები უშუალოდ კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი. აღნიშნული განცხადება ცენტრალური ბანკის დირექტორმა, ჩაიავადი ჩაი-ანანტმა გაკეთა.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ბანკები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ციფრული ვალუტების ვაჭრობაში, რადგან ბანკები არიან პასუხისმგებელნი კლიენტების დეპოზიტებზე. კრიპტოვალუტით ვაჭრობაში კი დიდი რისკია”,- აღნიშნულია ცენტრალური ბანკის დირექტორის განცხადებაში.

“ცენტრალური ბანკის მიერ ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული მოწოდება ხდება იმ დროს, როდესაც კომერციული ბანკები ინვესტიციებს ადგილობრივ კრიპტოვალუტის ბირჟებზე ახორციელებენ”,- ნათქვამია Bangkok Post-ის სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ბოლოს, Zipmex კრიპტოვალუტის ბირჟამ 1.3 მილიარდი დოლარის დაფინანსება ქვეყნის მეხუთე უდიდესი კრედიტორისგან, Bank of Ayudhya-სგან მოიზიდა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში, Siam Commercial Bank-მა განაცხადა, რომ იგი ქვეყნის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Bitkub-ის 51%-იან წილს შეიძენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი