ბულგარეთში ჰაკერებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები მოიპარეს

0
2182

ბულგარეთის ჟანდარმერიამ სამი ჰაკერი დააკავა. როგორც ცნობილი გახდა, ჰაკერებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტები მოიპარეს.

ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებამ ასევე 35.000 დოლარის ღირებულების ავტომობილიც ჩამოართვა ერთ-ერთ დაკავებულს. გამოძიების ცნობით, ჰაკერმა მოპარული 5 მილიონიდან გარკვეული თანხა ძვირადღირებული მანქანის შესყიდვისთვის გამოიყენა.

როგორც სოფიას პროკურატურა იტყობინება, გამოძიება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ივლისში პირველი ინციდენტი დაფიქსირდა.

ამჟამად, ეჭვმიტანილები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟა Zaif-ზე ჰაკერების მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. ბირჟის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, 14 სექტემბერს უსაფრთხოების დარღვევის შედეგად, ჰაკერებმა მოახერხეს მომხმარებელთა “ცხელი საფულიდან” 4.5 მილიარდი იენის მოპარვა, აგრეთვე მოიპარეს 2.2 მილიარდ იენად შეფასებული კომპანიის აქტივები.

საერთო დანაკარგების ღირებულება კი 6.7 მილიარდ იენს ანუ დაახლოებით 59.7 მილიონი დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი