[ხარული ბაზარი (Bull market) არის ბაზარზე არსებული პერიოდი, როდესაც ინვესტორები კრიპტოს უფრო ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან, რადგან ფასის ზრდაა მოსალოდნელი.]
2021 წელს, როდესაც კრიპტოს ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ალბათ ყველას ჰქონია სინანულის შეგრძნება, რატომ არ ჩადო ინვესტიცია მანამ, სანამ ფასები უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწევდა.
რატომ არის ასე რთული ზუსტი მომენტის გასაზღვრა და “ხარის დაჭერა”, სანამ ის კვლავ წარსულს ჩაბარდება?
ცნობილმა ინვესტორმა ჯონ ტემპლტონმა თქვა: „ხარული ბაზრები იბადება პესიმიზმზე, იზრდება სკეპტიციზმზე, მწიფდება ოპტიმიზმით და კვდება ეიფორიაში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხარული ბაზარი იწყება “დათვური ბაზრის” (Bear market) დაცემისას, როდესაც რისკები აშკარაა და განწყობა ცუდია.
[დათვური ბაზარი (Bear market), როდესაც საპირისპირო სურათი გვაქვს: ინვესტორები თავიანთ აქტივებს ყიდიან, მოთხოვნა არ არის, ძირითადი კრიპტოვალუტები, პიკურ ღირებულებასთან შედარებით, 50%-ით, ან მეტით იკლებს.]
2022 წელი კრიპტო ბაზრისთვის რთული წელი იყო, ბიტკოინი (BTC) 64%-ით დაეცა, სხვა კოინები 80-90%-ით, გაკოტრდა ზოგიერთი კრიპტო ბირჟა – FTX, Celsius, მარეგულირებლებმა კი ღიად თქვეს, ინდუსტრიას გააკონტროლებდნენ. ამ ყველაფრის ფონზე, ფედერალური ბანკი ამაღლებდა განაკვეთებს და წესდებოდა სხვადასხვა შეზღუდვები, შიშის და სიხარბის ინდექსი კი “უკიდურეს შიშზე” მიუთითებდა.
[The Fear and Greed index – შიშისა და სიხარბის ინდექსი არის ინდიკატორი, რომელიც აანალიზებს და წარმოქმნის რიცხვს 0-დან 100-მდე, სადაც 1 არის უკიდურესი შიშის მაჩვენებელი, ხოლო 100 არის უკიდურესი სიხარბის მაჩვენებელი. ინდექსის შიშისკენ გადახრის შემთხვევაში, ინვესტორები პანიკაში არიან და კრიპტოს ყიდიან, ხოლო სიხარბისკენ გადახრის შემთხვევაში – ყიდულობენ]
ექსტრემალური წლის შემდეგ, 2023 წლის იანვარი კრიპტოვალუტებისთვის არც ისე ცუდი თვე იყო, ბიკოინი (BTC) 40%-ით გაიზარდა, ეთერიუმი (ETH) – 33%-ით, ზოგიერთ ტოკენს კი 100%-იანი ზრდა ჰქონდა.
პანიკა გადაჭარბებული იყო?
არა, რისკები ნამდვილად არსებობდა. ფედერალურმა ბანკმა 2023 წელს განაგრძო განაკვეთების ოთხჯერ გაზრდა და ბალანსი 500 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა. ივნისში, SEC-მა, ორ უმსხვილეს კრიპტო ბირჟას, Binance-ს და Coinbase-ს უჩივლა, ბრალდებით, რომ მათ სათანადო რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. ამას მოჰყვა მრავალი სხვა სააღსრულებო მოქმედება. ამ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, 2022 წელს, რისკები ნამდვილად რეალური იყო. შექმნილმა პესიმიზმმა კი ახალ ხარულ ბაზარს ჩაუყარა საფუძველი.
დღეს რისკები საგრძნობლად შემცირებულია, Fed-ის საპროცენტო განაკვეთის ზრდა ახლოს არის დასასრულთან, SEC აგრძელებს კრიპტოს დევნას, მაგრამ ინდუსტრიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა Ripple-ისა და Grayscale-ის საქმეებში.
მსხვილი კომპანიები აქტიურად აგრძელებენ კრიპტოვალუტებთან ინტეგრირებას. Google-ი მსხვილ ინვესტიციებს დებს ბლოკჩეინის და Web3-ის მიმართულებით, Paypal-ი საკუთარ სტეიბლკოინს უშვებს. აქედან გამომდინარე, კრიპტო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხარული ბაზრის “სკეპტიციზმის” ფაზაში შევდივართ.