იაპონია: G20 სამიტი უნდა ფოკუსირდეს არა კრიპტოვალუტის რეგულირებაზე, არამედ ფულის გათეთრების ფაქტებზე

0
3113

იაპონია მოუწოდებს G20 სამიტის მონაწილე ქვეყნებს, რომ კრიპტოვალუტასთან მიმართებაში კონცენტრირება ფულის გათეთრების სტრატეგიის შემუშავებისკენ მოახდინონ.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

იაპონიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა “როიტერს” განუცხადა, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ სავაჭრო რეგულაციების ნაცვლად ფულის გათეთრების თავიდან აცილების ზომები უნდა იქნას მიღებული.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ფულის გათეთრების “ხარვეზი” ჯერ კიდევ არსებობს, რადგან ზოგიერთი მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით სუსტი რეგულაციებით შემოიფარგლება.

“დისკუსიები უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ნაბიჯებსა და მომხმარებელთა დაცვაზე, ვიდრე საბანკო სისტემაზე კრიპტოვალუტის გავლენის შესახებ”, – განაცხადა იაპონიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და იქვე დასძინა, რომ G20 სამიტისთვის საერთო განწყობა ამ ეტაპზე არის ის, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციების შემოღება კარგი არ იქნება.

“როიტერის” ინფორმაციით, ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად 37 ქვეყნის საფინანსო სამსახური G20 სამიტისთვის ანგარიშს მოამზადებს, რომელშიც ციფრული ვალუტით ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე იქნება საუბარი.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟები იტყობინებოდნენ, რომ 2017 წელს 669 ფულის გათეთრების საეჭვო გარემოება დაფიქსირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი