სამხრეთ აფრიკის კრიპტოვალუტის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც ქვეყნის ცენტრალური ბანკიც შედიოდა, ამ კვირაში კრიპტო აქტივების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მთავრობის მიერ დარეგისტრირებული უნდა იყოს ყველა ბირჟა, კრიპტო-საფულე პროვაიდერი, კრიპტო-ბანკომატის მფლობელი კომპანია და ციფრული ვალუტით გადახდის მიმწოდებელი კომპანიაც.
სამხრეთ აფრიკის ფინანსური მეთვალყურეობის ცენტრმა, ეროვნული ფასიანი ქაღალდების ორგანომ, სამხრეთ აფრიკის შემოსავლების სამსახურმა და ქვეყნის სარეზერვო ბანკმა ერთობლივად გამოაქვეყნეს კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.
დოკუმენტში აღნიშნულია მარეგულირებლის მიერ განსაზღვრული სარგებელი და რისკები. მარეგულირებელი ასევე განიხილავს სხვა იურისდიქციებში მიღებულ მიდგომებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს კრიპტო აქტივებთან დაკავშირებით. მარეგულირებელმა ასევე პირობა დადო, რომ კრიპტოვალუტის სტატუსის განსაზღვრა მოხდება.
ჯგუფი რეკომენდაციას იძლევა, რომ კრიპტო აქტივები დარჩეს ქვეყანაში არსებული სტატუსით და არ იყოს აღიარებული, როგორც ელექტრონული ფული. თუმცა ციფრული ვალუტა სამხრეთ აფრიკაში არ აიკრძალება. დასაწყისისთვის მარეგულირებელი კრიპტო აქტივების მომსახურების მიმწოდებლებს რეგისტრაციის გავლას სთავაზობს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კრიპტო აქტივების მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომები მიიღონ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კომპანიებმა უნდა განახორციელონ კლიენტების მონიტორინგი, გააკეთონ თავიანთი საქმიანობის ჩანაწერები და საეჭვო და უჩვეულო ოპერაციების შესახებ მოამზადონ ანგარიშები. ამ ანგარიშებში ასევე უნდა შევიდეს 25.000 სამხრეთ აფრიკულ რენდით განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციაც.
რეგისტრაციის პროცესის დეტალები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. როგორც ცნობილია, რეგისტრაციის პროცედურები 2019 წლის პირველ კვარტალში უნდა განხორციელდეს.