კრიპტოვალუტის ბირჟა Binance კლიენტების შემოწმების მექანიზმის გამოყენებას იწყებს.
კრიპტობირჟის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მექანიზმი “იცნობდე შენს მომხმარებელს” კომპანიას საშუალებას მისცემს თავიდან აირიდოს ყალბი მომხმარებლის ანგარიშები. ეს კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია რისკებთან, რომელიც ფულის გათეთრებას ან სხვა კრიმინალურ საქმიანობას ეხება.
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვეყნების მარეგულირებლები მუშაობდნენ იმისთვის, რომ კრიპტოვალუტის ბირჟას სავალდებულო მოთხოვნად წაუყენონ მომხმარებლის შემოწმების მექანიზმი. შემოწმების ამ ხერხს კლიენტებთან ურთიერთობის დროს ბანკები იყენებენ. როგორც ჩანს, მათ სურთ, ციფრული ვალუტის შემთხვევაშიც იგივე მექანიზმის ამოქმედება”,- განაცხადა Binance-ის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ოფისის ხელმძღვანელმა, ნადიმ რაჯარიმ.
უსაფრთოხებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაახლოებით ერთი თვის წინ Binance-მა კვლევით კომპანია Chainalysis-თან პარტნიორობა დაიწყო.
ამჟამად, Binance-ი მსოფლიოში მოცულობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟაა და ის განაგრძობს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას. ამასთანავე, Binance-ი ვალდებულია შეასრულოს ყველა ქვეყნის მარეგულირებლის მოთხოვნა, რომელიც ფულის გათეთრებასა და მომხმარებლის შემოწმებას ითვალისწინებს. Chainalysis-ი კი ამ პროცესს აადვილებს. კომპანია რეალურ დროში მონიტორინგს ახდენს, რისი საშუალებითაც მარტივად დგინდება ტრანზაქციის წარმომავლობა.