ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია Big Four-ში შემავალმა ფირმამ KPMG-მ კრიპტოვალუტის შესახებ ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები აუცილებლად უნდა შეუერთდნენ ინდუსტრიას.
ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ინსტიტუციონალური ინვესტორების ინდუსტირაში შესვლა, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ და როგორ უნდა გახდეს კრიპტოვალუტა სრულფასოვანი აქტივების კლასის წევრი.
“კრიპტო აქტივს აქვს პოტენციალი. მაგრამ ინვესტორებისთვის ამ პოტენციალის გააზრებაა საჭირო. ინსტიტუციონალიზაცია არის ბანკების, საბროკერო კომპანიების, ბირჟების, საგადახდო პროვაიდერების და სხვა გლობალური ფინანსური მომსახურების ეკოსისტემის კრიპტოვალუტის ბაზარზე მონაწილეობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რათა კრიპტოვალუტის მიმართ გაჩნდეს მეტი ნდობა”,-ნათქვამია ანგარიშში.
ნოემბრის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კრიპტოვალუტისა და Blockchain ინდუსტრიის ექსპერტები აცხადებდნენ, რომ აუცილებელი იყო ფინანსურ ინსტიტუტებს კრიპტოვალუტის სფეროს მიმართ დამოკიდებულება შეეცვალათ.
ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Libra-ს დირექტორმა ჯერემი დრეინმა განაცხადა, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიღების არ თანხმდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათი კომპანიის ინფრასტრუქტურა განსხვავებულია ციფრული ტექნოლოგიებისგან.