სამხრეთ კორეის საფინანსო კომპანია KB Financial Group-მა კრიპტოვალუტის ინვესტიციების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით აღმოჩნდა, რომ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა კრიპტოვალუტაში ინვესტირებას არ აპირებს.
უნდა აღინიშნოს, რომ KB Financial Group-ი ფოკუსირებულია საბანკო და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ მომსახურებებზე. ხოლო რაც შეეხება კვლევას, კვლევა მოიცავს 600 ოჯახს.
კვლევის მიხედვით, ადგილობრივ რესპონდენტთა 74.8%-მა განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჩადებით. 23% კი აცხადებს, რომ ინვესტიციის განხორციელება დამოკიდებულია სიტუაციაზე. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა მხოლოდ 2% გეგმავს მომავალში კრიპტოვალუტაში ინვესტირებას.
თუმცა, ამავდროულად, ადგილობრივმა მედია საშუალებამ Token Post-მა დაწერა, რომ გლობალური სიტუაცია კრიპტოვალუტების უფრო დადებითი დინამიკას ასახავს. Financial Group-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ქვეყანის მასშტაბით კრიპტო აქტივებს 29% ფლობს, ხოლო კრიპტოვალუტის მფლობელი 52% აზიის რეგიონზე მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებულ 52%-ში არ შედის იაპონია.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციის თანახმად, ქვეყანაში იკრძალება კრიპტოვალუტით ანონიმური ვაჭრობა. ვაჭრობა ასევე ეკრძალებათ არასრულწლოვნებს და სახელმწიფო უწყებებში მომუშავე ადამიანებს.