უკრაინის სოფელ ელიზავეტოვკას მაცხოვრებლები კრიპტოვალუტას ფლობენ.
ამის შესახებ ინფორმაცის ადგილობრივი მედია საშუალება ავრცელებს.
უკრაინის პატარა სოფელში ყველა მაცხოვრებელი ახლა უკვე კრიპტოვალუტის მფლობელია. ეს კი სოფლის გამგებლის მხარდაჭერით მოხდა. ისეთი კრიპტოვალუტებით, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი სოფელში შესაძლებელია კვერცხის, ძმრის, ხორცისა და რძის ყიდვა.
საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ საბჭოს თავმჯდომარის, მაქსიმ გოლოსონის წინადადებას დათანხმებოდნენ, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის გარეშე, მოსახლეობის მიერ კრიპტოვალუტის ფლობასა და გამოყენებას სოფლის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაეუმჯობესებინა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საბჭოს თავმჯდომარემ კოლეგებს მოსაზრებები გააცნო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კრიპტოვალუტის დახმარებით ბიუჯეტის შევსება.
შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში უკრაინის ეროვნული ბანკი აღნიშნავდა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული ელექტრონული გრივნის შექმნის შესაძლებლობას განიხილავდა.
ასევე, იგეგმებოდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რათა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით სარგებლობა უკრაინის კანონმდებლობასთან უფრო მეტად მოსულიყო შესაბამისობაში.