რუსეთის სახელმწიფო დუმაში, პარლამენტის ქვედა პალატაში, შევიდა კანონპროექტი, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგს და მოპოვებული კრიპტოვალუტის გაყიდვას დაკანონებს. კრიპტოვალუტის გამოყენება ამჟამად შეუძლებელია რუსეთში ანგარიშსწორებისთვის.
შემოთავაზებულ კანონში ნათქვამია: „მაინინგის შედეგად მიღებული ციფრული ვალუტა შეიძლება განკარგოს იმ პირმა, ვინც ახორციელებს ამ ციფრული ვალუტის მაინინგს იმ პირობით, რომ რუსული ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული მასთან ტრანზაქციების განსახორციელებლად, გარდა დადგენილი ექსპერიმენტული სამართლებრივი რეჟიმის შესაბამისად განხორციელებული გარიგებების შემთხვევები“.
სათათბიროს ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარემ ანატოლი აქსაკოვმა ადგილობრივ პრესას განუცხადა, რომ მოსალოდნელია, კანონპროექტი სამივე საპარლამენტო მოსმენით დეკემბერში შევიდეს ძალაში.
„კანონის მიღება ამ აქტივობას სამართლებრივ ასპარეზზე შემოიტანს და შესაძლებელს გახდის ციფრული ვალუტების გამოშვებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართალდამცავი პრაქტიკის ჩამოყალიბებას”,- აღნიშნა ანატოლი აქსაკოვმა.
კანონის მიღების შემთხვევაში კრიპტოვალუტის გაყიდვის რუსული პლატფორმა შეიქმნება და რუსი მაინერები შეძლებენ უცხოური პლატფორმების გამოყენებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რუსული ვალუტის კონტროლი და რეგულაციები არ გავრცელდება ტრანზაქციებზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი რუსეთთან დაკავშირებულ კრიპტო მისამართებს ბლოკავს.