ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კერძო ბანკმა, HDFC-მ კლიენტებს აცნობა, რომ სადებეტო და საკრედიტო ბარათების გამოყენება კრიპტოვალუტის შესაძენად იკრძალება.
კლიენტებთან გაგზავნილ წერილში ბანკმა განმარტა, რომ ზომები კლიენტთა დაცვის მიზნით მიიღეს.
წერილში ნათქვამია:
“მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დავუშვათ HDFC ბანკის კრედიტის, სადებეტო და საავანსო ბარათების გამოყენება ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოვალუტისა ყიდვა-გაყიდვისთვის”.
წერილში ასევე აღინიშნა, რომ ინდოეთის სარეზერვო ბანკმა განმეორებითი გაფრთხილება გაუგზავნა მოქალაქეებს ეკონომიკურ, საოპერაციო, იურიდიულ და უსაფრთხოების იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტასთან.
კრიპტოვალუტის ყიდვა საკრედიტო ბარათებით აშშ-ს გიგანტებმა JP Morgan Chase-მა, ამერიკის ბანკმა და Citigroup-მა 3 თებერვალს აკრძალა. მალევე, ანალოგიური აკრძალვა ევროპის ბანკებმაც შემოიღეს.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ინდოელმა ფინანსისტმა შაკტიკანტა დესმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა არ უნდა იყოს ნებადართული, რადგან ეფექტური რეგულაციის მექანიზმი არ არსებობს.