ფინეთის კრიპტოვალუტის ბირჟისა და კრიპტოსაფულის პროვაიდერი Prasos Oy-ს ერთი ნაბიჯი აშორებს დახურვისკენ, რადგან ფინეთის ბანკების უმრავლესობა ამ კომპანიასთან საქმის დაჭერას აღარ აპირებს.
Prasos-ის ტრანზაქციების მოცულობამ გასულ წელს 185 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ბანკებს შორის შეშფოთების მიზეზი გახდა.
ბანკები კი, შეშფოთების საფუძველს სხვაგვარად ხსნიან: ფინეთის ბანკებს არ გააჩნიათ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეგულირების სისტემა. კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ანონიმური ხასიათი კი, პოტენციურად, შესაძლოა ფულის გათეთრებისკენ იყოს მიმართული.
შედეგად, 2017 წელს ოთხი ბანკი; S-Bank-მა, OP Group-მა, Saastopankki-მ და Nordea Bank AB-მა Prasos Oy-ის ანგარიშები დახურა. ახლა, Prasos-ის ისღა შეუძლია, რომ მართოს ყველა თავისი კლიენტის ტრანზაქცია ერთი რომელიმე ბანკის მეშვეობით.
Saastopankki-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტომი ნარინენმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ოპერაციების ანონიმური ხასიათი ევროკავშირის ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობას არღვევს.
“უმრავლეს შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია ან ძალიან რთულია ბიზნესი კრიპტოდილერთან და ბირჟასთან აწარმოო, რადგან შეუძლებელია ფულის წარმომავლობის დადგენა”,- განაცხადა ტომი ნარინენმა.
Prasos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰენრი ბრედმა კი აღნიშნა, რომ კომპანია კრიტიკულ მდგომარეობაშია.
“არსებობს რისკი, რომ ჩვენი ბოლო საბანკო ანგარიში დავხუროთ იქამდე სანამ, ახალი ანგარიშის გახსნას მოვახერხებთ”,-განაცხადა ჰენრი ბრედმა.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ფინანსთა სამინისტრომ 2000 ბიტკოინის კონფისკაცია მოახდინა. მაშინ როგორც მედია წერდა, ფინეთის ხელისუფლება საკმაოდ დაბნეული ჩანდა, რადგან ვერ გადაეწყვიტა 2000 ბიტკოინისთვის რა მოეხერხებინა.