მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, BitMEX-ი კანადის ორ პროვინციაში მალე შეზღუდული შესაძლებლობით განაგრძობს ოპერირებას.
ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კომისიის მოთხოვნის შემდეგ, BitMEX-ი თავის პლატფორმაზე ონტარიოს პროვინციის კანადელი ინვესტორების წვდომას შეზღუდავს.
კომისიის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ BitMEX–ს მარეგულირებლის მიერ გაცემული სამუშაო ნებართვა არ აქვს.
”BitMEX-ი ონტარიოში რეგისტრირებული ან მარეგულირებლის მიერ რაიმე სხვა ფორმით აღირებული არ არის”,-განაცხადა მარეგულირებელი სტრუქტურის სპიკერმა.
წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ BitMEX-თან შეთანხმების შედეგად, ონტარიოს ინვესტორებისთვის პლატფორმაზე წვდომა მხოლოდ მარეგულირებელთან კონსულტაციის მერე აღდგება.
უნდა აღინიშნოს, რომ აპრილის ბოლოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ BitMex-ი იაპონიაში ოპერირებას აჩერებდა.
ბირჟის დახურვის მიზეზი იაპონიის მარეგულირებლის ახალი მოთხოვნები იყო, რომელსაც BitMex-ი ვერ აკმაყოფილებდა.
ციფრული ვალუტის ბირჟამ 28 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მუშაობას პირველი მაისიდან შეაჩერებდა.
პირველი მაისი იყო თარიღი, როდესაც ახალი მარეგულირებელი წესები უნდა ამოქმედებულიყო.