ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც გეგმავენ კრიპტოვალუტის რეგულირებას. რეგულაციის მოდელად განიხილება ოქროსა და დერივატებისათვის განკუთვნილი მეთოდი.
მთავრობის მთავარ შეშფოთებას ფულის გათეთრებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება იწვევს. ამის პარალელურად, მთავრობას სურს გააფართოვოს მეთვალყურეობა ტრადიციული ფინანსურ ოპერაციებზე, რომელშიც კრიპტოვალუტა მონაწილეობს.
“ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში კრიპტოვალუტას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ჰარტვიგ ლეოგერმა. მან იქვე აღნიშნა: “გვჭირდება მეტი ნდობა და უსაფრთხოება.”
ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს კრიპტოვალუტის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებასა და ქვეყნის ფინანსური დაზვერვის განყოფილებაში ისეთი გარიგებების გამომჟღავნებას, რომელიც 10.000 ევროს ან მეტს შეადგენს.
როგორც ჰარტვიგ ლეოგერმა განაცხადა, რეგულაცია ასევე შეეხება ICO-საც. “ICO-თან დაკავშირებით, მთავრობა გამოიყენებს არსებულ წესებს ბაზარზე მანიპულირებისა და შიდა ვაჭრობის შესახებ”.
ფინანსთა მინისტრის განცხადებებს მოჰყვა ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ავსტრიის მთავრობა ეჭვმიტანილებს ბიტკოინთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე ეძებს. ბიტკოინით სავარაუდო თაღლითობის შემთხვევა კომპანია Optioment-ს უკავშირდება. კრიპტო კომპანიაში ამან შესაძლოა, 115 მილიონ დოლარის დანაკარგი გამოიწვიოს.
ლეოგერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა განახორციელოს კრიპტოვალუტის რეგულაცია.
შეგახსენებთ, რომ რეგულაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი ცენტრალური ბანკისა და კრიპტო ბაზარზე მონაწილე პირებთან შეხვედრას გეგემავს.