ესპანეთის პარლამენტში კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ კანონპროექტს რამდენიმე დღეში განიხილავენ

0
1768

ესპანეთის მმართველი პარტია კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის რეგულირების შესახებ კანონპროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი La Vanguardia ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ პარტიის მდივანმა თეოდორო გარსია ეგამ აღნიშნულის შესახებ ISDE Blockchain-ისა და სამართლის კვლევითი ცენტრის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას გარსია ეგამ Blockchain სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებაც ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობას შეუძლია შექმნას კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საბჭო, რომელიც ქვეყანაში ციფრული ვალუტების განვითარებასა და ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მოემსახურება.

მმართველი პარტიის მდივანმა იქვე დაამატა, რომ ყველა ეს ღონისძიება განხორციელდება იმისთვის, რომ ესპანეთი Blockchain და კრიპტო ინდუსტრიაში ლიდერი სახელმწიფო გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთავრობამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო. ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, მარია ჯესუს მონტერო მაშინ აცხადებდა, რომ კანონპროექტის მიხედვით არსებული წესები ყველა ესპანეთში მცხოვრებ ინვესტორზე გავრცელდებოდა. შესაბამისად, არ ექნებოდა მნიშვნელობა ბირჟაზე ვაჭრობა ქვეყნის შიგნით მიმდინარეობდა, თუ საზღვრებს მიღმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი