ევროკავშირის მარეგულირებელი ICO-ს საკითხს განიხილავს

0
1741

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის ორგანომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თავდაპირველი მონეტარული შეთავაზებების (ICO-ს) შესახებ განხილვა მიმდინარეობს, რათა დადგინდეს რეგულაციის საკითხი.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ევროპული ზედამხედველობის საფინანსო ორგანოებთან.

“როიტერის” ცნობით, მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ მარეგულირებელმა ICO განიხილოს, როგორც ფასიანი ქაღალდი და შესაბამისად, რეგულაციაც იყოს ისეთი, როგორიც აქვს ფასიან ქაღალდებს.

ორგანოს თავმჯდომარემ, სტივენ მაიჟორმა განაცხადა, რომ ICO-ს ჰქონდა “სირთულეები”, თუმცა ამავდროულად ეს აჩვენებს მის სიცოცხლისუნარიანობასაც და იმ დამატებით სარგებელსაც, რაც ICO-ს გააჩნია ტრადიციულ კაპიტალთან შედარებით.

“მომდევნო შეკითხვა არის ის, თუ რას ვაკეთებთ იმ ICO-ებისთვის, რომლებიც მარეგულირებელი სტრუქტურის გარეთ არიან. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ წლის ბოლომდე წარვადგენთ ანგარიშს”,-აღნიშნა მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა.

ევროპის საბანკო ორგანოს თავმჯდომარემ, ანდრეა ენრიამ განაცხადა, რომ მომხრეა ICO-სთან დაკავშირებით განისაზღვროს საერთო ევროპული წესები, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ აქამდე განსაზღვრული ნორმები ისე არ მუშაობს, როგორც მოსალოდნელი იყო.

“მომხმარებლების გაფრთხილება არ არის საკმარისად ეფექტური ცნობიერების ამაღლებისთვის. არსებობს ICO-სთან დაკავშირებული უსაფრთხოების სისტემის ნაკლოვანი მხარეები”,- განაცხადა ევროპის საბანკო ორგანოს თავმჯდომარემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი