ევრაზიის Blockchain ასოციაცია ინტერნეტ გიგანტების მიერ რეკლამების აკრძალვის გამო სარჩელს ამზადებს

0
3531

რუსეთის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის ასოციაციები მაისის თვეში სასამართლოში ერთობლივი სარჩელის შეტანას Google-ის, Twitter-ის, Facebook-ისა და Yandex-ის წინააღმდეგ აპირებენ. სარჩელის მომზადების მიზეზი აღნიშნული ინტერნეტ გიგანტების მხრიდან კრიპტოვალუტის რეკლამების აკრძალვაა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

27-28 მარტს მოსკოვში ჩატარებულ Blockchain-RF 2018-ის კონფერენციაზე რუსეთის კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის ასოციაციის პრეზიდენტმა იური პრიპაჩკინმა განაცხადა, რომ ამ ოთხი კომპანიის ქმედებებმა კრიპტოვალუტის ბაზარზე უარყოფითად იმოქმედა:

“ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ამ ოთხი კომპანიის მონოპოლიური პოზიციის გამოყენება, რამაც ბოლო პერიოდში ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია”.

სარჩელის მომზადების და მხარდაჭერის მიზნით “Blockchain-ის ევრაზიული ასოციაცია” შეიქმნა.

“რია ნოვოსტისთან” საუბარში პრიპაჩკინმა განაცხადა, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია აღნიშნულ ფონდს შეუერთდეს.

სარჩელი აშშ-ს სასამართლოში იქნება შეტანილი. იური პრიპაჩკინმა აღნიშნა, რომ ამერიკის ზოგიერთი შტატი ლოიალურად არის განწყობილი კრიპტოვალუტის მიმართ. ამის მაგალითად გამოდგება ვაიომინგის შტატი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ვაიომინგის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტას სახელმწიფო გადასახადებისგან ათავისუფლებს, ხოლო ფასიანი ქაღალდების მიმართ დაწესებულ რეგულაციებს ამცირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი