Franck Muller-ი, საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია კრიპტოვალუტის კომპანიასთან პარტნიორობას იწყებს. პარტნიორობის მიზანია შეიქმნას საათების ბიტკოინით ყიდვის შესაძლებლობა.
Franck Muller-ის საათების ფასი 9.800 დოლარიდან იწყება და 50.600 დოლარამდე აღწევს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ბიტკოინის საფულე უმაღლეს დონეზე იქნება დაცული.
მნიშვნელოვანია, რომ გარდა ბიტკოინისა, კომპანია იკვლევს ფუნქციურად ანალოგიური კრიპტოვალუტების შესაძლებლობებსაც. ცნობილია რომ Franck Muller-ი მხარს დაუჭერს 5 კრიპტოვალუტას, რომელთა შორის იქნება ეთერიუმი და რიპლი.
Franck Muller-ის წარმომადგენლის, ეროლ ბალაიენის განცხადებით, ბიტკოინი ათასწლეულის ოქროა.
“ბიტკოინი არის სრულყოფილი ინოვაცია და პირადი არჩევანი”,- აღნიშნა Franck Muller-ის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საათების მწარმოებელი ასევე შვეიცარიული კომპანია Vacheron Constantin-ი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებს. ტექნოლოგიის დანერგვა პირველ რიგში მიზნად ისახავს ყალბი წარმოების საათებისგან კლიენტების დაცვას.
ამ ეტაპზე, როგორც Vacheron Constantin-ი იუწყება Blockchain-ის სისტემაში ატვირთული იქნება მწარმოებლისა და კლიენტის შესახებ სრული ისტორია.