ორშაბათს, 11 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა. მართალია წინა დღის მაჩვენებლებთან შედარებით ფასები შემცირებული იყო, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია.
ბიტკოინის კურსი 3.690-დან ქვევით დაეშვა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა თითქმის 40 დოლარით დაიკლო.
ამათანავე, მნიშვნელოვანია, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 5%-ით მაღალია, ვიდრე ეს წინა კვირას იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ რიპლიმ დაკარგა კაპიტალიზაციით მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის სტატუსი. CoinMarketCap-ის ჩამონათვალში მეორე პოზიცია ახლა ეთერიუმს უკავია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასმა 0.29%-ით მოიმატა, რაც ნიშნავს, რომ ეთერიუმის კურსი 121 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 12.7 მილიარდს შეადგენს. რიპლის საბაზრო კაპიტალიზაცია 12.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში განაგრძობს მერყეობას.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 121.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.