იტალიის მთავრობამ გამოაქვეყნა სია, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის 30 მაღალი დონის ექსპერტისგან შედგება. როგორც მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექპერტები იმუშავებენ იმისთვის, რომ Blockchain-ი სახელმწიფო დონეზე ინტეგრირდეს.
ოთხთვიანი საკონსულტაციო პროცესის შედეგად, ჯგუფი იმუშავებს სხვადასხვა უწყებისთვის და ამასთანავე, შექმნის ეროვნულ სტრატეგიას Blockchain ტექნოლოგიისთვის.
პროექტის ინიციატორი ეკონომიკის სამინისტროა.
“ისეთი განვითარებადი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და Blockchain-ი მიზნად ისახავს რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, საზოგადოება და გააუმჯობესოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი”,- განაცხადა რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.
უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში იტალია ევროპის Blockchain-ის პარტნიორობას შეუერთდა.
“იტალიას პარტნიორობაში შესვლა საშუალებას მისცემს ქვეყანას Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაში საკუთარი გზა განსაზღვროს”,- აღნიშნა იტალიიის ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან საუბარში.
მაშინ ლუიჯი დი მაიომ ისიც აღნიშნა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით სტრატეგიაზე მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის Blockchain პარტნიორობა 2018 წლის აპრილში შეიქმნა.