საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტინე ლეგარდემ კრიპტოვალუტის მხარდამჭერი ბლოგპოსტი გამოაქვეყნა.
ერთი თვის წინ ლეგარდე კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი. საზოგადოებას კრიპტოვალუტის შესახებ აფრთხილებდა და მის “ბნელ მხარეებზე” აპელირებდა.
გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში კი ჩანს, რომ ქრისტინე ლეგარდემ აზრი გარკვეულწილად შეიცვალა.
“ჩვენმა საღმა აზრმა კრიპტოვალუტის შესახებ არ უნდა მიგვიყვანოს არც კრიპტოვალუტის დაგმობისკენ და არც კრიპტოვალუტის ეიფორიისკენ,-” წერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი.
2018 წლის იანვარში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე ქრისტინე ლეგარდემ კრიპტოვალუტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხაზგასმით ისაუბრა. მიუხედავად დღევანდელი მისი “კეთილგანწყობილი” პოსტისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ის კვლავ იმავე აზრზე რჩება.
“კრიპტო აქტივი გარკვეულ საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას. თუმცა, ამ დროს ჩვენ უნდა შევძლოთ განხვავების დანახვა რეალურ საფრთესა და არაფრისმომცემ შიშს შორის. ამიტომაც გვჭირდება მარეგულირებელი, რომელიც ინოვაციის დაკარგვის გარეშე რისკებს გაითვალისწინებს”,-აღნიშნა ქრისტინე ლეგარდემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის მოწოდება რეგულაციის დახმარებით კრიპტოვალუტის დაბალანსებას ეხება.
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტინე ლეგარდეს პოზიცია მკვეთრად განსხვავდება იმ ადამიანების აზრისგან, ვინც კრიპტოვალუტას ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს და ვისაც დღემდე ბიტკოინი ეკონომიკური ბუშტი ჰგონია.