Market

Binance-ის CEO: ტრამპი შეიძლება გლობალური პრო-კრიპტო ცვლილებების კატალიზატორი გახდეს

trump-coin-trampi-koini

კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ ტენგის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული პრო-კრიპტო კანონმდებლობა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ გლობალური რეგულატორების პოზიციასაც შეცვლის.

“ჩვენ გადავედით იმ ეტაპიდან, სადაც კრიპტოინდუსტრიის მიმართ დიდი რეგულატორული გაურკვევლობა და გარკვეულწილად მტრული დამოკიდებულება იყო, იმ ეტაპზე, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა ამბობს: “ჩვენ ვიღებთ კრიპტოს”, — განაცხადა ტენგმა CNBC-სთან საუბრისას სინგაპურში, კონფერენცია CONVERGE LIVE-ზე.

ტენგის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას რეგულატორები კრიპტო ინდუსტრიას მკაცრად აკონტროლებდნენ, რათა ამერიკელები დაეცვათ თაღლითობისა და ფულის გათეთრებისგან.

“თუ რომელიმე კრიპტო ინდუსტრიის ადამიანს ჰკითხავთ, ყველას ურჩევნია მიმდინარე ადმინისტრაცია წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას,” — აღნიშნა ტენგმა.

HashKey Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩაო დენგმაც დაადასტურა ტენგის პოზიცია და განაცხადა, რომ ტრამპის პერიოდში კრიპტო ბაზრის მიმართ ინტერესი და მოტივაცია მკვეთრად იზრდება, როგორც ინსტიტუციური, ისე საცალო ინვესტორების მხრიდან.

აშშ-ის კრიპტო რეზერვი — ისტორიული ნაბიჯი

მოსაზრებები ტენგმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ის კრიპტო რეზერვის შექმნაზე. რეზერვში შევა ფედერალური საქმეებიდან ამოღებული კრიპტოვალუტები.

ტრამპის თქმით, რეზერვი მოიცავს Bitcoin-ს, Ether-ს, XRP-ს, Solana-ს (SOL), და Cardano-ს (ADA).

Binance-ის CEO ამ ნაბიჯს “განსაკუთრებული მნიშვნელობის” მოვლენად აფასებს. “სიგნალი არის ის, რომ მსოფლიოს უმსხვილესი სახელმწიფო და კაპიტალის ბაზარი ახლა Bitcoin-ს რეზერვად ინახავს. ეს ბევრ სხვა სახელმწიფოს დააფიქრებს, უნდა დაიწყონ თუ არა კრიპტო აქტივებში ინვესტირება,” — თქვა ტენგმა.

თუმცა, კრიპტოვალუტის ბაზარზე ტრამპის განცხადების შემდეგ ფასები დაეცა, რადგან ინვესტორებმა მეტი კონკრეტიკა ვერ დაინახეს. ასევე, ბაზარი დაძაბულია ტრამპის საბაჟო პოლიტიკის გამო, რამაც გლობალურ რისკიან აქტივებზე ინტერესიც შეამცირა.

ტენგმა კი ამ კლებას “ტაქტიკურ უკანდახევად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი აქტივის მსგავსად, კრიპტოიც დამოკიდებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე. თუმცა, მისი თქმით, ვაშინგტონის მხარდაჭერა და ტრამპის მიერ კრიპტოსთან მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსების დანიშვნა გრძელვადიან პერსპექტივაში ინდუსტრიას “ძლიერ იმპულსს” მისცემს.

“Operation Choke Point 2.0”-ის დასრულება

ტენგმა ასევე ისაუბრა “Operation Choke Point 2.0”-ზე, რაც მისი თქმით, ბაიდენის პერიოდში განხორციელებული მცდელობა იყო, ბანკებისთვის ეკრძალათ კრიპტო კომპანიებთან თანამშრომლობა.

მისი თქმით, წინა ადმინისტრაციისას ინდუსტრია რეგულატორული “დამუქრებით” იძულებული იყო, შეზღუდული ყოფილიყო.

HashKey Capital-ის დენგმა დაამატა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება კრიპტო კომპანიებისთვის საბანკო მომსახურებების დაბრუნება.

“ახალი ხელისუფლება უწყებებს და ბანკებს კრიპტოსთან თანამშრომლობის უფლებას აძლევს. ეს უდიდესი ნაბიჯია კრიპტოსა და Web3-ის განვითარებისთვის,” — განაცხადა დენგმა.

როგორც ჩანს, ტრამპის პრო-კრიპტო პოლიტიკა შესაძლოა არამხოლოდ ამერიკის, არამედ გლობალური ფინანსური ბაზრის ფორმირებაზე მოახდინოს გავლენა. ახლა მთავარი კითხვა ის არის, რამდენად რეალიზდება ეს გეგმა პრაქტიკაში და როგორ უპასუხებენ სხვა ქვეყნები აშშ-ის ახალ პოზიციას.

შენიშვნა: სტატია გათვალისწინებულია საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სიახლეების სპონსორია Coinet.ge – იყიდე და გაყიდე კრიპტო მარტივად, სწრაფად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

წყარო: https://www.cnbc.com/2025/03/13/trump-could-be-a-catalyst-for-a-global-pro-crypto-shift-binance-ceo-says.html