იაპონურმა კომპანიამ, LINE Pay-მ, ცოტა ხნის წინ, საცდელი პერიოდით მომხმარებლებს კრიპტოვალუტის გამოყენება შესთავაზა. კლიენტებს სასურველ ოპბიექტებში ვაჭრობა ციფრული ვალუტის გამოყენებით შეუძლიათ.
LINE Corporation-მა განაცხადა, რომ 16 მარტიდან მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა გადაიხადონ LINK ტოკენით (LN) LINE Pay-ს ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტში.
საცდელი პერიოდი გაგრძელდება 26 დეკემბრამდე. პროექტის მიზანი ტოკენების გამოყენების ტესტირებაა.
LINE Pay-მ განაცხადა, რომ მომავალში, გადახდების ვარიანტად კრიპტოვალუტების, მათ შორის ბიტკოინისა და ეთერიუმის დამატებას განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ Statista-ს მონაცემების თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში ყოველთვიურად LINE-ს სერვისებით 86 მილიონი მომხმარებელი სარგებლობდა. ეს კი ქვეყნის 126 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 68%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ იაპონია ციფრული ვალუტის სექტორისთვის მეგობრულად განწყობილ ქვეყანად მიიჩნევა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად, იაპონიის მთავრობა წინადადებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში რეგისტრირებულ კრიპტოვალუტის ბირჟებს მუშაობისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო შეექმნებათ.
უფრო კონკრეტულად კი, ახალი წესების მიღების შემთხვევაში იაპონიის მთავრობა მონეტების ჩამონათვალისთვის მიღებული მკაცრი წესების შემსუბუქებას განიხილავს.