ჩინეთის სახალხო ბანკის ფინანსური ტექნოლოგიის კომიტეტმა ამ კვირაში პირველი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ, ფან იეფუმ განაცხადა, რომ უნდა დაჩქარდეს ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგიის ადაპტირების სტრატეგია.
რამდენიმე დღის წინ ჩინურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ფინანსური ტექნოლოგიის წარმომადგენლებს არაოფიციალურად შეხვდა.
მოლაპარაკებების დროს ფან იეფმ ხაზი გაუსვა Blockchain და fintech ინდუსტრიების მნიშვნელობას. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი ღიად ცდილობს უზრუნველყოს Blockchain ტექნოლოგიის 2021 წლამდე ადაპტირება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში Blockchain-ზე დაფუძნებული საერთაშორისო გადარიცხვის საპილოტე პროგრამა განხორციელდა.
საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა 37 ბიზნეს-კომპანიამ მიიღო. მათ Blockchain-ის საშუალებით გარიგება აწარმოეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და ინდოეთში.
პროექტის მონაწილეებმა ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეს, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელია.
ინტერვიუს დროს ინვესტორებმა აღნიშნეს, რომ საპილოტე პლატფორმამ მოახერხა კორპორატიული საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმება, საექსპორტო და ფინანსური სესხების აუთენთიფიკაცია და გადასახადის შეტანის ელექტრონული ფორმების მართვა.