შვეიცარია ევროპის ქვეყნების ათეულში პირველ ადგილზეა ქვეყანაში Blockchain კომპანიების სიმრავლის კუთხით.
ეს ცნობილი გახდა BlockShow Europe 2018-ის კონფერენციაზე.
Blockchain კომპანიების საქმიანობის დასაწყებად ქვეყნების ჩამონათვალში შვეიცარიის შემდეგ მეორე და მესამე ადგილზე გიბრალტარი და მალტა მოხვდა.
კვლევა შედგებოდა 48 ევროპული ქვეყნისგან. ეს არის ქვეყნები, სადაც აქტიურად განიხილავენ ICO-სა და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სხვდასხვა საკითხს, მათ შორის რეგულაციის სტრუქტურასაც.
შვეიცარია ასევე ცნობილია, როგორც კრიპტოვალუტის მიმართ მეგობრული ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ ცუგში მდებარე ვირტუალური ვალუტის ჰაბის crypto valley-ს მომხმარებლები გადასახადებისგან თავისუფალნი არიან.
როგორც აღმოჩნდა, გიბრალტარი ICO-ს მიმართ საკმაოდ დადებითად არის განწყობილი. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ გიბრალტარში Blockchain-ზე დაფუძნებული ადგილობრივი ბირჟის შექმნა იგეგმება.
მალტაზე კი, ცოტა ხნის წინ, უმსხვილესმა კრიპტობირჟებმა Binance-მა და OKEx-მა სათაო ოფისები გახსნეს.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში ევროკომისიამ განაცხადა ევროკავშირის Blockchain ობსერვატორიისა და ფორუმის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც იყო Blockchain-ის გარშემო ეკონომიკის გაერთიანება.
თუმცა, ახლადდამტკიცებული ევროკავშირის კანონი კონფიდენციალურობის შესახებ, რომელიც ძალაში 25 მაისს შევა წინააღმდეგობაში მოდის Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ბუნებასთან.